ჩემი მზის სხივის ამბავი – Goshya

ერთი წელი და ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გოშიაზე პირველად და დღევანდელ დღემდე – ბოლოჯერ დავწერე.
მაშინ, ჯერ კიდევ წიწიბურის მარცვლისხელა იყო, მუცელში თბილად მოკალათებული. ალბათ, ცოტა შეშინებული და დაბნეულიც.
მას შემდეგ სულ მინდა, რამე ვთქვა და არაფრით გამომდის. ალბათ, ემოციები ახლაღა დამიცხრა – როცა უკვე ხუთ თვეზე მეტი გავიდა,რაც ჩემ ცაზე მთავარი ვარსვლავი მოწყდა.

ჩემმა ბიჭმა იმაზე მეტი იბრძოლა გადარჩენისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში, ვიდრე მე – მთელი ოცი წლის განმავლობაში.
არ დავიწყებ ახლა იმის მოყოლას, რა გადაიტანა მან და რა გადაგვატანინა ჩვენ მისი ჩახუტების მოლოდინმა. არ მინდა, სულ ცოტა ნეგატივი მაინც იყოს ტექსტში, რომლის მთავარი გმირიც დედამიწაზე ყველაზე პოზიტიური ბიჭია.

21077593_188035088403727_6055332167970405683_n.jpgცხოვრების მთავარი შეხვედრა :
28 ივლისს ერთი შავგვრემანი ბიჭი დაიბადა. ორი კილო და ცხრაასი გრამი. მუქი თმითა და სველი ვანილივით კანით. ჩემნაირი თვალებით, თითებითა და ღიმილით. მოკლედ,  ზუსტად ჩემნაირი. უბრალოდ, უფრო ძლიერი, დინჯი და სიცოცხლის მოყვარული, ვიდრე – მე.

პირველ დღეებში, როცა ყველაფერი საშინლად იყო, მხოლოდ ერთი ხელით ვეფერებოდი და ჩუმად ვუმღეროდი შუშის ოთხკუთხედში გამოსაჩეკი წიწილასავით შეკეტილს, ისე, რომ სხვები არ შემეწუხებინა.
პირველად ხელში მე ავიყვანე გამოფხიზლების შემდეგ, სამი კვირის იყო მაშინ.

ეს იყო ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა. ბიჭთან, რომელიც, ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად მეყვარება დედამიწაზე, თან – იმ წამამდე, როცა ბოლოჯერ ჩავისუნთქავ აქაურ ჰაერს.
რომლის გამოც ვიეჭვიანებ ყველაზე, განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ ეროვნებისა.

იმიტომ, რომ პირველი ადამიანია, ვისი დაკარგვისაც მეშინოდა.
პირველია, ვის ჩახუტებასაც სამი კვირა ველოდი.

21740315_195379801002589_1610534411032232120_n.jpgარასდროს დამავიწყდება მისი კანი, როცა ექიმმა ნება დამრთო, ცალი ხელით შევხებოდი, სტერილიზაციის მრავალეტაპიანი პროცედურის გავლის პირობით.

იმ დღიდან, როცა ჩემი წვეთისხელა ბიჭი სახლში მოვიდა, უამრავ დროს ვატარებთ ერთად.
ოთახებში ვსეირნობთ, ვჭამთ, ვტირით, ვსაუბრობთ, ვიცინით – ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი მონაპოვარია ბოლო თვეების განმავლობაში.
ვაცმევ სასაცილო ტანსაცმელს – ხან გლეხი ბიჭივით ვუწევ შარვალზე წინდებს, ხან თმას ვვარცხნი სავარცხლით, რომლის გამომგონებელიც ნამდვილი გენიოსია, ხანაც –  პირველ კბილს ვუსინჯავ თითით და ვეხმარები, ღრძილის ქავილი დაიამოს.

და მაინც, არასდროს მყოფნის მისი მიყვარული. 
ყოველთვის მრჩება სხეულში თავისუფალი ადგილი, რომელსაც ვერ ვივსებ.
კოცნა, რომელიც მაკლდება.
სიცილი, რომელიც საკმარისად ხმამაღალი არ არის.

ხშირად შევდივარ მის ოთახში, გულთან ახლოს ვადებ ყურს და ვრწმუნები, რომ ყველაფერი კარგად არის.
თუ კანი ოდნავ მაინც უფერმკრთალდება, ხაფანგში გამომწყვდეული ვირთხასავით ვიწყებ მოქცევას, ვეხეთქები არარსებულ კედლებს, ვლაპარაკობ ათას სისულელეს, რომ დედა არ შეშინდეს.
როცა აცრის ოთახიდან გამოსული ტირის, ყურებზე ხელების აფარება და იქიდან აორთქლება მინდება, მაგრამ, რომც შემეძლოს, სად წავალ –  არ მეგულება ადგილი, სადაც ამ ტირილზე უკეთესს მოვისმენ რამეს.

და ასე, ვიტანჯები ჩემი ბედნიერებით. 🙂
23559476_213554342518468_8533702607002497209_n.jpg

მიყვარს და მინდა, რომ ეს არასდროს დაავიწყდეს.
მაშინაც კი, როცა ჩემზე ძალიან გაბრაზდება.
როცა დავალებას ცუდად მოამზადებს და მე, არამკითხე დის როლში ღრმად შესული, ვუსაყვედურებ.
როცა მისი ბაღის შეყვარებულის ამბავს უნებლიედ გავთქვამ.
როცა სახლში გვიან დაბრუნების გამო დავტუქსავ…
რა დალევს მიზეზს, რის გამოც  მათზე ვბრაზობთ, ვისაც ვუყვარვართ.
გამებუტოს, მეჩხუბოს და შემირიგდეს – არაუშავს, მთავარია, არასდროს დაავიწყდეს, რომ ჩემი მზის სხივია.

არ ვიცი, როგორი კაცი მინდა დადგეს მისგან.
მე მხოლოდ შემიძლია, ვურჩიო.
გადაწყვეტილება კი თვად უნდა მიიღოს : რომელ რელიგიას აირჩევს, როგორ იცხოვრებს,რა წესები ექნება,თუ ექნება საერთოდ და ა.შ.
მხოლოდ ის ვიცი,რომ საკუთარზე მეტად მისი ბედნიერების ნახვა მინდა.
ზრდასრული ბედნიერების – რომელსაც სამყაროს შეცნობაც ვერაფერს აკლებს.
სილაღის, რომელსაც ვერავინ გართმევს, როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s