სიკვდილის დრო : გვიანი შუადღე

ერთი უცნაური, სრულიად უაზრო და აუტანელი თვისება მაქვს (მილიონ სხვას შორის) : ვერასდროს ვიმახსოვრებ, როგორ გავიცანი ადამიანი და რა ვიფიქრე, როცა მან პირველი სიტყვა მითხრა.
მეგობრებთან ერთად ხშირად ვიხსენებ, როგორ გავხდი მათი ადამიანი, ამ დროს მე სირცხვილისგან ვწითლდები. მათაც არაჩვეულებრივად დაისწავლეს, როგორ მაგრძნობინონ თავი იდიოტად და სულ მეკითხებიან :
,,ნატ, გახსოვს, როგორ გავიცანით ერთმანეთი?”
,,ნატ, გახსოვს, რა მაგარი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა?”
,,ნატ, როგორ მითხარი…?”

პასუხს ვერასდროს ვუბრუნებ და ყოველთვის გასაცოდავებული ვრჩები მათი ღლიცინის ფონზე. მარტო. ერთადერთი, ვისაც არ ახსოვს.

ამ ჩემი მოკლე ცხოვრების განმავლობაში, ვერც კი მოვთვლი, რამდენი მეგობარი შევიძინე და დავკარგე, რამდენი ბიჭი მომეწონა და გადამწონდა, შემიყვარდა და გადამიყვარდა, რამდენი პირველი შთაბეჭდილება არ გამიმართლდა და ა.შ.

და ყველა სხვას შორის, ერთადერთი ადამიანის გაცნობა დამამახსოვრდა.
არ ვიცი, სამყაროს რომელი ენერგიის დამსახურებით, ან რა ემოციის ძალით, მაგრამ ზუსტად მახსოვს მისი პირველი სიტყვა, ჩემი პასუხი და შთაბეჭდილება, რომელიც იმაზე მეტად ბნელი და უარყოფითი იყო, ვიდრე მას წარმოუდგენია.

,,გამოხდა ხანი”, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ამ ისტორიის შუაში და ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა. ადამიანი, რომელიც ჩემში ინტერესის პატარა ნაპერწკალსაც კი არ აღვივებდა, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად გადამექცა.
პირველ შეხვედრას დაემატა სხვა დღე,
პირველ შთაბეჭდილებას  – ათასობით სხვადასხვა სიმძლავრისა შეგრძნება,
ჩემს ფლეილისტს – მისი მუსიკა,
კოსმეტიკის თაროს – მისთვის შეძენილი სუნამო,
და ასე ჩავაშენე ჩემს სახლში სხვისი სახელობის აგური.

არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
ხან ასაკს დავაბრალე, ხან ზოდიაქოს, ხანაც თვისებას – შევქმნა და გავაღმერთო  არარსებული  ადამიანი, მაგრამ ფაქტი ერთია, ყოველ დილას ვპოულობდი ახალ მიზეზს მის შესაყვარებლად.
და ეს წლები გაგრძელდა.
ხო, როგორი ალოგიკურია, ოცი წლის ასაკში მოასწრო რამდენიმე წელი დაუთმო სხვის გაღმერთებას, მაგრამ მაინც.

ეს მანამ, სანამ ჩემში არ გაიზარდა რაღაც, რამაც უბრალოდ აღარ მომცა უფლება, დამეჯერებინა ის, რაც არ არსებობს.
სანამ არ ვისწავლე, რომ ხანდახან რაღაც ზუსტად ისეთია, როგორც გამოიყურება და მნიშვნელობა არ აქვს, საიდან შეხედავ.

ისე მოხდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ადამიანი, რომელიც მე ვშობე, ჩემშივე გარდაიცვალა.
თითქოს, ძალიან ავად გახდა.
რეანიმაცია დილაუთენია დაიწყო, შუადღის მიწურულს სიკვდილის დრო დავაფიქსირე პირად საქმეში, ხელი მოვაწერე და ცხელი ბეჭდით დავლუქე.

მთელ ამ ამბავში ყველაზე მტკივნეული ის პროცესი კი არ ყოფილა, როგორ დაიავადა თავი, ან ის, როგორ გადაწყვიტა, ჩემში მომკვდარიყო, არამედ ის, რა გულმოდგინედ ვცდილობდი მის გადარჩენას.
რა არ ვცადე, ხელოვნური სუნთქვა, გულის ხელით მასაჟი, ენდოტრაქეალური ინტუბაცია… ახლა ჩამოვწერ ყველაფერს, რაც საექიმო საქმეზე ვიცი და ამიტომ, არ ღირს.
არაფერმა უშველა, მოკლედ, არც ძველი მოგონებების გახსენებამ, არც შეგრძნებების ამოლაგებამ.
ასე, უბრალოდ, ადგა და მოკვდა.
იმიტომ, რომ ორგანიზმში გაზრდილმა ქალმა ადგილი არ დაუტოვა სიცოცხლისათვის.
ბრაზისგან გაბერილმა დაიკავა მუცელი, ჩამოწვა საშვილოსნოს ყელამდე, თავი სასულემდე ამოსწია და რომელიღაც ღრიჭოდან გამოაძევა ძველი ადამიანი.
მე კიდევ, მშვიდმა, როგორც არასდროს, შემოვიხურე ჩემი უზარმაზარი ქურთუკი და სხვა პირველი შეხვედრებისთვის დავიწყე მზადება.
ზუსტად ისე მომშორდა მეგობარი, როგორც წლების წინ ამოკვეთილი, დაავადებული ,,ბრმა ნაწლავი” – როდესღაც რომ საჭირო იყო და ერთ დღეს ჩემი მოწამვლა გადაწყვიტა.

აპენდიციტის ამბიდან ზუსტად ხუთი წელი გავიდა, ჭრილობის გარშემო ხელს ისევ ვერ ვიდებ უცნაური შეგრძნების გამო და ნაკვალევიც არსად წასულა.
წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი ხანი დასჭირდება ჩემში ჩამკვდარი ადამიანის აორთქლებას, ან თუ მოხდება ეს როდესმე, მაგრამ იმედი მაქვს, მან ზუსტად იცის,  რატომ გავაძევე.
და თუ არ იცის, მრავალწლიანი მეგობრობა მოითხოვს, ახლა მაინც გაიგოს, რომ  ჩვეულებრივ ადამიანად ქცევა ვერ ვაპატიე.

იმიტომ, რომ მთელი ოცი წლის მანძილზე ეს ერთადერთი შეხვედრა იყო, რომელიც დამამახსოვრდა.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s