ჩემი მზე მუცელში ჩამაკვდა

ფოტო : ლიზა გაბუნია

ასე, უბრალოდ, გადაიფარა სისხლისფერი ბამბის საბანი, მუხლები მოკეცა, ზურგი მორკალა, სახე საკუთარ ხელისგულებში ჩამალა და დაელოდა, როდის ჩააქრობდა მის სინათლეს თეთრებში გამოწყობილი  მზეთამკვლელი ექიმი, უმზეო სახით.

ჩემი მზე შიშს დედის ხელისგულებს სახეჩარგული უნდა დამალვოდა.
მისთვის თბილი  მოსახვევი მე უნდა მომექსოვა, სქელი ჯოხებითა და სწორ-სწორი, განიერი თვლებით.

მის მოხრილ სხეულს ტუჩებით უნდა ავყოლოდი და სათითაოდ დამეკოცნა  სხივები,რომელიც ნელ-ნელა შემოაცალეს.

ჩემი მზე მუცელში ჩუმად ჩამაკვდა.
იმიტომ, რომ მხოლოდ სიჩუმე იცოდა.

ფეხი ათი-თერთმეტი თვისას უნდა აედგა.სიტყვების სწორად გამოთქმაში უნდა გვევარჯიშა. უნდა სცოდნოდა, როგორ ეყვირა და როგორ გაჰქცეოდა მზეთამკვლელ ექიმს. მაგრამ მე მისთვის არაფერი მისწავლებია.

ჩემი მზე მუცელში  ჩამაკვდა.

ჩამქრალი სხივები ნაწლავებში მიმოფანტა, პატარ-პატარა ცხელი ციმციმებით ამივსო ძვლები და ჩემშივე დაიბუდა.

ჩემი მზე მუცელში ჩამაკვდა.
ოფლით დანესტილი ტყავის სავარძლიდან წამომდგარმა ზურგს უკან მოვიტოვე რკინის ჯამში უმოწყალოდ ჩაყრილი, მისი ჩამქრალი სხივები.

მზეთამკვლელ ექიმს კი არაფერი უთქვამს, ცივად და უსიტყვოდ გამომაცილა თეთრ დერეფნამდე.

რეცეპტი გამოწერა კართან მიდგმულ მუხისფერ სკამზე და ჯანმრთელობა მისურვა.

ჩემი მზე მუცელში ჩამაკვდა.
ქუჩა საავადმყოფოდან სახლამე განიერი ნაბიჯებითა და ძლივსგასაგონი ქოშინით ამოვიარე. ყველა ძვალსა და ძარღვში ვგრძნობდი, როგორ უქრებოდა ჩემს მზეს სხივები და როგორ შლიდა საკუთარ ნაკვალევს პაწაწინა ხელებით.

ჩემი მზე მუცელში ჩამაკვდა.
მას მერე დავდივარ ასე,გაციებული მზითა და გაწყალებული სისხლით.

სარკეში ზიზღით მომზირალ ანარეკლსა და ზეწარზე დარჩენილ სისხლის წვეთებს ნაღვლით ვაზავებ და დაჭმული ტუჩებიდან სიმწრის ცრემლებს ვილოკავ.

სიარულს თავიდან ვსწავლობ და ამის გამო საკუთარი თავი უფრო მეტად მძულს, ვიდრე მზეთამკვლელი ექიმი, გაყინული სახითა და მოლურჯო ძარღვებით მაჯებზე.

მე ერთ დღეს მუცელში საკუთარი მზე ჩამაკვდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s