მოდი, მეთამაშე სახლობანა

მოდი, მეთამაშე სახლობანა.
გამოვიგონოთ მხოლოდ ჩვენი, საკუთარი და ყველასთვის უცნობი თამაში.
დარღვეული წესებით, წაშლილი კანონებით.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
მე მოვალ შენთან, მუყაოს ყუთში ჩალაგებული ჩემი ნივთებით და ყველაფერს ისე მოვაწყობთ, თითქოს შენი სახლი ჩემიც იყოს.
მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება, რომ ვთამაშობთ.
რომ არაფერია ნამდვილი შეგრძნებების გარდა.
რომ ყველაფერი იმაზე უფრო ღრმად ეგზისტენციალურია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს.
რომ ჩვენ წრეზე კი არ ვტრიალებთ, არამედ სწორ ხაზზე ვიწყებთ სვლას,რომელსაც ბოლო დასაწყისშივე უჩანს.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
ჩვენ-ჩვენი საცვლები ერთად ჩავაწყოთ.
გარდერობის ნაწილები ერთმანეთისგან წითელი ბაფთით გამოვყოთ.
მე ცოტა უფრო მეტი დამჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, არასდროს გადმოვკვეთ საზღვარს.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
ვიკამათოთ, ვინ შევა აბაზანაში პირველი, დამღლლელი დღის შემდეგ.
შემომთავაზე, შევქმნათ განრიგი, მე კი უარს გეტყვი, რომ ყოველთვის გვქონდეს რამე საკამათო.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
უპატრონო ცხოველთა თავშესაფრიდან ჯანმრთელობისა და უჯიშობის გამო დაწუნებულ პატარა ლეკვს მოვიყვან, მისი კვების გრაფიკსა და რაციონს პატარა ფურცლის ნაგლეჯით მივაკრავ მაცივარს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოგვშივდება, გაგვახსენდეს, რომ მასაც ჩვენსავით სჭირდება გემრიელი სადილი, საუზმე და ვახშამი.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
ვიქირაოთ პროექტორი და ძილის წინ მთელს კედელზე გადავშალოთ სცენები, რომელთა მსგავსსაც ხშირად გავითამაშებთ.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
მე მოვაწესრიგებ შენი წამლების ყუთს. რომელშიც, ალბათ, არ არის გამაყუჩებლები, ანტიჰისტამინები და გაციების საწინააღმდეგო ჩაი. მე მოვიტან. ჩავაწყობ და სახურავზე დავაწერ – ,,იმედი”.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
შენი საძინებლის პატარა თაროს სუნამოებით, მაკიაჟისთვის საჭირო კოსმეტიკითა და ტანის კრემებით გამოვტენი.
ყოველ გავლაზე მკითხავ, რაში მჭირდება ამდენი სხვადასხვა სუნის, სტრუქტურის, ფერისა და ფუნქციის უსარგებლო ნივთი. და მეც, ყოველ შეკითხვაზე ერთნაირად დაგცინებ.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
სახლიდან გასვლისას შევამოწმებ შენი სიგარეტის კოლოფს, რომ დავრწმუნდე, ჩუმად ღერების ჩამატება საჭირო არ არის.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
საღამოობით ჩაის ყოველთვის მე მოვამზადებ. დავიზეპირებ შაქრის რაოდენობას, ფერის სიმკვეთრეს და ჭიქის ზომას, რომ ერთ დღეს შენს გემოს ,,ჩემებური ჩაი” შეერქვას. 
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
მოფერებაზე ნათქვამ უარებს გონებაში ჩაიწერ და ჩხუბისას ერთიანად გადმოანთხევ შავ ბოღმას.
და მე ვერასდროს გავიგებ, რატომ გწყინს, როცა მეზარება.
რატომ ვერ ხვდები, რომ ხანდახან, ეგოიზმი ყველას ეპატიება.
მოდი, მეთამაშე სახლობანა.
რომ ორივეს გვქონდეს უფლება, მარტივად გამოვკეტოთ  თოჯინების სახლის მძიმე კარი, გადავატრიალოთ საკეტში გაჩრილი გასაღები ორჯერ და ზუსტად ისე მოვიტოვოთ ჩვენი თამაში უკან, როგორც ყველა სხვა, ბავშვობაში საყვარელი, მერე დავიწყებული და საცინად აგდებული გამოგონება.
Advertisements

One Comment Add yours

  1. Annie says:

    დამაჟრიალა 💫💙

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s