ქალები უბრალოდ იხოცებიან

მე გუშინ ქმარმა ეჭვიანობის გამო მომკლა.

ხვალ სამსახურში მომივარდება და ჩემი მოსწავლეების თვალწინ მომისწრაფებს სიცოცხლეს.

ზეგ ელექტროსადენს შემომახვევს ყელზე და  არ გამიშვებს, სანამ ჩემს ბოლო ხრიალს არ გაიგონებს.

და ასე გაგრძელდება…

ყოველდღე ახალ-ახალ მეთოდებს მოიფიქრებს ჩემს მოსაკლავად.

რამდენიმე კვირაში არასრულწლოვანს გამიტაცებენ, გამაუპატიურებენ და ჩემი დის ტირილს არავინ მოუსმენს, იმიტომ რომ წესი ასეა, ჩვენი ადათი ამბობს, რომ მოტაცებული ქალის უკან დაბრუნება, რომელსაც ფეხებს შორის აპკი აღარ აქვს, არ შეიძლება. ვის რაში ადარდებს, მინდოდა თუ არა სექსი, მიზიდავდა თუ არა მოძალადე. წლების შემდეგ, როცა მოვბეზრდები, დალევს და გაანალიზებს, რომ ჩემი მოტაცებით შეცდომა დაუშვა, ისევ მე მომკლავს. საკუთარ თავს არაფერს ავნებს, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით, ის ადამიანი, სარკიდან რომ უყურებს, ძალიან უყვარს.

,,ნეტა რა დააშავა?” – იკითხავს ვიღაც და ამ სიტყვების გამო სინდისის ქენჯნა არ შეაწუხებს.

,,იქნებ, უღალატა?” – ამასაც შეაპარებს მეგობარს ქმრის მორჩილი ქალი, სამზარეულოში გამართული ჭორაობისას და არ შერცხვება.

,,სტოქჰოლმის სინდრომი…” – ჩაილაპარაკებს ვინმე ვითომ განათლებული და სივრცეში დაიწყებს მზერას, თითქოს, ჩემზე ფიქრობდეს.

მე ოთხ თვეში 5-ჯერ მომკლავენ და ამის გამო ყველა შეშფოთდება. ვიღაცებს ცრემლი მოადგებათ თვალებზე, ვიღაც ჩემ დასაცავად ხმას აიმაღლებს, მაგრამ ვერაფერს გახდება და მეექვსედაც მომკლავენ.

ქალი ვარ და იმიტომ.

ერთ დღეს ჩემს ქმარს გაახსენდება, რომ ქორწინების პირველ ღამეს სისხლი არ დამიღვრია და სასიკვდილოდ მცემს. იქნებ, გადავრჩე, ვინ იცის. ან იქნებ – ვერც.

ერთ საღამოს ჩემი ქმარი მთელ თავის კომპლექსებს ჩემზე გადმოანთხევს, ცხოვრების მანძილზე დალექილ წარუმატებლობას, დამარცხებას, წყენას, დარდს,ერთად ამოიღებს და ალკოჰოლის სუნად აყროლებული ისე მცემს, რომ ხელებში ჩავაკვდები.

მე ძალიან ხშირად მკლავენ, იმიტომ რომ ქალი ვარ.

და კვნესა, რომელიც ჩემი ამბის გაგებისას აღმოხდება სუსტ საზოგადოებას, მალევე ქრება. მათ შეუძლიათ, პოლიტიკურ ინტერესებს შესწირონ ქალაქი, ქვეყანა, დაანგრიონ ქუჩები და გაანადგურონ ყველაფერი გარშემო, მაგრამ ჩემ გამო ამას არასდროს გააკეთებენ.

და ისევ გაგრძელდება ჩვენი ხოცვა-ჟლეტა. იმ ქალების, რომლებმაც გაქცევა ვერ გავბედეთ. ან – გავბედეთ და მერე აღარავინ შეგვიფარა, აღარავინ დაგვიცვა.

ისევ მოგვიქნევენ ძლიერ მუშტს და მიგვანარცხებენ სადღაც კუთხეში, რწმენით, რომ ჩვენი ადგილი სწორედ იქ არის.

ისევ იტყვიან, რომ ქართულ პარლამენტში ქალებიც სხედან და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ჩვენს ქვეყანაში ყურით მოთრეული მიზეზია საწუწუნოდ.

ისევ წაგვართმევენ შვილებს და ატირებულებს, უძლურებით გამწარებულებს მხოლოდ იმას გვეტყვიან, რომ ვერ შევძელით, კარგი ცოლები ვყოფილიყავით.

არავინ იფიქრებს, რომ შეიძლება, სულაც არ გვინდოდა ცოლობა. შეიძლება, ჩვენც ვიცოდით, რომ არსებობს რაღაც მითიური გრძნობა, რომელსაც ორგაზმს ეძახიან ძლიერი ქალები. შეიძლება, ჩვენც ვფიქრობდით ღამ-ღამობით ბედნიერ ცხოვრებასა და მშვიდ ოჯახზე.

ამაზე არასდროს არავინ იფიქრებს.

და ჩვენც დავიხოცებით. სისხლიან კაბებსა და დახეულ ფარჩებში გახვეულებს გვიპოვნიან საკუთარ საძინებლებში. სასამართლო სულ პატარა სასჯელს მისცემს ჩვენს ქმრებს, ისე, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი არ წაართვას.

ჩვენთვის წართმეულ შანსებს კი არასდროს არავინ მოითვლის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s