მე უცნაური გოგო ვარ

თუ როდესმე ვინმეს ჩემი თხემით ტერფამდე გაცნობა მოუნდება და მერე ამაზე დაწერს, აუცილებლად იტყვის, რომ მე უცნაური გოგო ვარ, რომელიც ვერასდროს ვერაფერს აფასებს.
ქაოტური ცხოვრებიდან სიმშვიდეში ძლივს გადაბობღებულს შიში, აკრძალულის სიტკბო და ძვირად საწვნევი შედეგი ენატრება.
ერთბაშად გაძვირებულ გარდერობსა და კოსმეტიკის ჩანთას ისევ მეორადი ჩითის კაბა და მაღალყელიანი, ფერდაკარგული ჩექმა ურჩევნია.
რეალობა ვერ უნაცვლებს არარსებულ ოცნებებს.
ყველაფერი ბუნებრივი გულს ურევს და მხოლოდ ხელოვნური, წიგნად, ფილმად ან ჩანახატად საქცევი ამბები უდუღებს სისხლს.

ის, ვინც ჩემზე დაწერს, აუცილებლად იტყვის, რომ მე თავად ვაქციე საკუთარი ცხოვრება ჩვეულებრივად და წავართვი ყველაფერი, რაზეც ახლა სიამოვნებით გავცვლიდი დღევანდელ დღეს…
იტყვის, რომ ვერაფერი მყოფნის და ყოველთვის გავრბივარ სახლიდან.
რომ საწერი მასალა თავად წავგლიჯე საკუთარ თავს.
რომ რაღაც ძალა, ზემოდან რომ დამყურებს, გამუდმებით მეხმარება, არ გადავიჩეხო და მაინც სულ უფსკრულისკენ მივდივარ.
რომ ჩემი ინსტინქტები ჩემზე ძლიერია.
რომ ერთი წამის სიყვარული უფრო მიადვილდება, ვიდრე ადამიანის.
რომ ამ ქალაქში, რომელსაც ღმერთი, ალბათ, თითის წვერზე იტევს, ჩემი ადგილი არ არის.
რომ უმართავი ვარ და არ მაწყენდა კონსულტაცია ფსიქოანალიტიკოსთან.
რომ საჭმლის, ჰაერისა და წყლის დათმობა უფრო მიადვილდება, ვიდრე მუცლიდან პეპლების გაშვება.
რომ ხანმოკლე ამბების გმირად დავიბადე და არა წიგნის, რომელიც უამრავ თავს იტევს.
რომ ჯობდა, აზღუდის გამოყენება მესწავლა.
რომ არაფერია ჩემში განსაკუთრებული.
რომ ჩემივე ბრალია ყველა მეგობარი, რომელიც დავკარგე, იმიტომ რომ თავიდანვე, როცა  ჩემს ცხოვრებას მათ სახელებს ვაქარგავდი, შევცდი.
რომ იმდენჯერ წავიმტვრევ ცხვირს, სანამ ყველაფერს საკუთარი ხელით არ დავასამარებ.
რომ ვერასდროს დავმარხავ ჩემში მოთხოვნილებას, ვიზრუნო მასზე, ვისაც ეს არ სჭირდება.
რომ ესპანური მუსიკა ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემი ფიქრების ცვალებადობას.
რომ წყალივით გამჭვირვალეა ყველა ჩემი ქმედება და მაინც არის მათში მავნე ნალექი.
რომ ჩემი შეყვარება არ შეიძლება.
რომ უფრო ღვინო ვარ ვიდრე ძვირადღირებული ფერად-ფერადი, გამოსაფენად გამზადებული კოქტეილი.
რომ თუ ახლა ჩემს ემოციებს ხელს ჩავკიდებ და ბრმად გავყვები სადღაც უკუნეთში, ყველაფერი გამოსწორდება.
რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ 170 სანტიმეტრში დატეული ამდენი ემოციისთვის.
რომ ფსკერი, რომელზე ჩასვლასაც ყოველთვის ვუფრთხი, ერთ დღეს დაიძვრება, ზედაპირზე ამოვა და ერთმანეთის მიყოლებით მილიონ სისულელეს ჩამადენინებს.

იტყვის, რომ ვერასდროს ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ბედნიერების განცდა არ შემიძლია.

Advertisements

One Comment Add yours

  1. Annie says:

    როგორი საინტერესო იქნება შენზე დაწერილი წიგნი :3 ის ბევრად რეალური იქნება, ამიტომ მკითხველი, ბიოგრაფიული ხასიათის მიუხედავად, მას გამოგონილ ამბად ჩათვლის 💙🌊

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s