გოგოური ამბების საცავი

თურმე, სიცოცხლის მე-12 კვირამდე, ყველანი ერთნაირები ვართ. არაფრით განსვსხვავდებით.

ყველა ემბრიონს სასქესო ორგანო ერთნაირი აქვს გარეგნულად, მხოლოდ 12 კვირიდან, წანაზარდის დახრის კუთხის მიხედვით არკვევს სპეცისლისტი სქესს. ანუ, ბიჭობა და გოგოობა ამ დროიდან  იწყებს ჭიდილს და ჩვენი დაშორებაც არ აყოვნებს.

ჯერ, ოჯახის წევრები გვარჩევენ, გოგოებს ცოტა ნაკლების უფლებას გვაძლევენ, ვიდრე – ბიჭებს.

მერე სკოლაში, მასწავლებლები ელოდებიან ჩვენგან უფრო ლამაზ ქცევას.

მერე საკუთარ თავებს ვუწესებთ უცნაურ კლიშეებს.   ხმამაღლა არ უნდა ვიხარხაროთ, ნაბიჯები უნდა დავამოკლოთ და დავანაზოთ, საუბარი ისე უნდა შევძლოთ, თითქოს პირიდან პეპლები გვიფრინდებოდნენ სიტყვების ნაცვლათ და ასე, უსასრულოდ…

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი გოგოობა გადამალულ ამბებში დევს. მივხურავთ საცავის კარს, დავადებთ ბოქლომს და მერე ცხელი ბეჭდით ვნიშნავთ. მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია შიგნით ჩახედვა, გადასამოწმებლად, ჭკუის სასწავლად, ან უბრალოდ სიამოვნებისთვის.  ეს მეორეხარისხოვანია.

არ არსებობს გოგო,რომელსაც ერთი ბიჭი არ ჰყავს გადამალული ასეთ საცავში. მკაცრად აკონტროლებს შემსვლელთა სიას, ან, სულაც, არავის უშვებს, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი მის ხელთ არის. თავად ირჩევს თამაშის წესებს, უსაფრთხოების ნორმებს და იმასაც, ანახებს თუ არა ჩაკეტილ ტყვეს დღის სინათლეს.

ძირითად შემთხვევებში საბრალო ტყვეებმა არც არაფერი იციან.  ისინი ვერაფერს გრძნობენ. დადიან დედამიწაზე არხეინად, განსაკუთრებით სამწუხარო ამბის გმერები, ვერც დადიან, ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ამაზე არ გვინდა.

ჩაკეტილი ბედნიერებები უფრო საინტერესოა.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ტყვემ არ იცის, რამდენად დაცულია მისი ამბავი ჩვენთან. მხოლოდ ხანდახან,როცა ვეღარ ვიტევთ, მეგობრებთან ამოგვსკდება ხოლმე ორი სიტყვა ხორხიდან და მერე ვნანობთ. ვინმემ არ მოძებნოს ჩვენი უჯრა, ტყვეს არ გაესაუბროს, არ გაგვითავისუფლოს და მშრალზე არ დაგვტოვოს.

იმ პირველი სიყვარულის გამზეურება, ყველა გოგოს რომ აქვს მიჩქმალული სადღაც ძალიან ღრმად, მგონი, ყოველთვის სასიამოვნოა. ბებო აწყობს ხოლმე ბალიშებს მზეზე, სხივებით ავსებს და სჯერა, რომ სულ სხვანაირს აბრუნებს საწოლში. ასე ვართ ჩვენც, გვჯერა, რომ მზეზე გამოტანის შემდეგ დამუხტულს, სავსეს და სუფთას შევიტანთ, თანაც არც ჩრჩილი მიეკარება და არც მტვრის წმენდა მოგვიწევს.

მეც მაქვს ასეთი ამბავი, ოღონდ უცნაური ისტორიით. ამბავს რომ ისტორია აქვს, რა მაგარია, ისე… როცა გადავმალე, არ ვიცოდი, რად მინდოდა. ვფიქრობდი, რომ მოვისვრიდი, როცა შეველეოდი, მაგრამ წლების შემდეგ, როცა საცავი გავაღე და საგანგებოდ გამოწყობილმა გადავწყვიტე მისი თავიდან მოშორება, მივხვდი, რომ ტყუილად არ მყავდა ერთი ბიჭი გამოკეტილი. მიყვარდა და იმიტომ. ოღონდ, ყოველგვარი დრამისა და თავში ხელის წაშენის გარეშე. ,,უი, მყვარებია. და, უი, ვყვარებივარ!” – ვთქვი და საცავის კარს ,,პირველი სიყვარული” მივაწერე. მას შემდეგ კიდევ უფრო ვუფრთხილდები. თითქმის ყოველ საღამოს ვასუფთავებ, თბილ დღეებში მზეზე გამყავს და უკანვე ვაბრუნდებ, მაგრამ, რაც მთავარია, იცის, რომ გაქცევის უფლება არ აქვს, თორემ გადავემტერები და მაინც მოვნახავ, სადაც არ უნდა იყოს.

სულ არ აქვს მნიშვნელობა, ორსულობის რომელ კვირას გვივითარდება სასქესო ორგანო,  რას გვასწავლიან უფროსები და ჩვენ რას ვუწესებთ საკუთარ თავებს. გადამალული ისტორიის გარეშე თავს გოგოდ ვერასდროს ვიგრძნობთ. არ გაგვეცინება, როცა გაგვახსენდება, რამდენი ვიწყვალეთ ამბის დასატყვევებლად, ან როგორ გაგვიჭირდა, რომ გაგვღიმებოდა. არ ვიქნებით ნამდვილი გოგოები, თუ არ ვიკითხავთ, ნეტავ როგორი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო და პასუხის ვერ-მიღების მერე ხელს არ ჩავიქნევთ.

არ ვიქნებით გოგოები, თუ ხანდახან სიზმრად არ ვნახავთ ჩაკეტილ ამბებს და საწოლიდან წამომხტარები საცავს არ მივასკდებით შესამოწმებლად.

არ ვიქნებით გოგოები, თუ ყველაფერს ისე გადავყრით, თითქოს არ არსებულა.

არ ვიქნებით გოგოები, თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, მერე არ ვინანებთ და ბოლოს ამ ყველაფერზე გულიანად არ ვიხარხარებთ.

არ ვიქნებით გოგოები, თუ პირველსავე სიყვარულზე ვიქორწინებთ და მისთვის მისაცემ საეჭვიანო ლუკმას თავადვე შევჭამთ.

არ ვიქნებით გოგოები, თუ თავის ამბავზე ჩაციკლული მეგობარი არ დაგვცინებს საცავის გამო.

არ ვიქნებით გოგოები, თუ ხანდახან მაინც არ გაგვაჟრჟოლებს საწოლში მოკალათებულებს.

არ ვიქნებით გოგოები, თუ არ გვექნება ადგილები, მისვლისას რამე რომ გაგვახსენდეს.

არ ვიქნებით გოგოები, დაუგემოვნებელ სიყვარულს თუ არ დავიტოვებთ.

Advertisements

One Comment Add yours

  1. Annie says:

    ალბათ, ცოტა თუ გამოხატავს ასე ზუსტად გოგოობის აზრს! 🌹🌹🍑🍑

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s