ელის ქალაქი კვდება

ელის ქალაქი კვდება.

სახლები მის გარშემო იშლებიან.

ელი ფეხშიშველი გარბის.

მტვრიან და ცხელ ასფალტზე ეჭრება შიშველი ფეხები.

უკან იტოვებს იმ წამს მტვრად ქცეულ შენობას და წინ ახალი იწყებს ნგრევას.

აჩნდება ბზარები, ვეებერთელა, უსწორმასწორო, დიაგრამის მსგავსი ხაზები. ისინი ფართოვდებიან, სულ რამდენიმე წამში კი ჭერი იწყებს ვარდნას. კედლები ერთმანეთის მიყოლებით იშლებიან.

ელის ეშინია.

ელის აქ აღარავინ დარჩა.

ყველამ დატოვა მისი ქალაქი და ვინც ვერ გაასწრო, ნანგრევებში მოჰყვა.

ელი ისევ გარბის.

ზურგჩანთა  თავის სახლში დარჩა.

შინდისფერი ნაჭრით მოკემსილი სათავსო, რომელსაც სულ ზურგით ატარებდა აღარ აქვს და ამის გამო კიდევ უარესად გრძნობს თავს.

მაგრამ ელი მაინც გარბის.

მის გარშემო მიწა სკდება და ცდილობს, ჩაიტანოს.

წამწამებიდან იფერთხავს მტვერს, შუბლიდან ოფლის წვეთებს იწმენდს და თავზე ხელებს იფარებს.

ელიმ იცის, რომ თუ არ გაასწრებს, ისიც მათსავით დაიღუპება, ვინც აღარ ჰყავს. ელიმ იცის, რომ საკუთარი ხელები ვერ დაიცავენ.

მაგრამ არ იცის, თუ გაასწრებს, ქალაქს გარეთ რა დახვდება.

ელი არასდროს გასცდენია ქალაქის საზღვრებს.

ყველა უშლიდა და აშინებდა.

ჩერდება და შენობებს აკვირდება.

ჰგონია, რომ ფილმშია და მალე ტიტრებს დაინახავს, მაგრამ წარწერები, რომლებიც ხანდახან საოცარ შვებას უდრის, არსად ჩანს.

ყველაფერი რასაც თვალი ორგანულად მიეჩვია, ინგრევა. მის გარშემო იშლება სახლები. ყოველ წუთას ერთი. სკდება მიწა, რომელსაც ვერაფრით აკოწიწებს, ტირიან ბავშვები, სულ რამდენიმე წამით და მერე მათი ხმაც სადღაც ქრება. დედები ყვირიან და იკარგებიან. უამრავი მამის ღრიალი შთანთქა უცნაურმა მტვერმა ელის გარშემო.

სულ მარტოა, ქალაქში არავინ დარჩა.

ის საკუთარი ქალაქის უკანასკნელი ბინადარია.

ელის ეშინია და აღარ გარბის, იმიტომ რომ ის უფრო აშინებს, რაც გარეთ ელოდება.

ელი არ გაიქცევა.

იქნებ გარეთ არაფერი დახვდეს?

იქნებ ყველა სხვა ქალაქი დაინგრა და მხოლოდ მის სახლზე არ მიიტანა იერიში ბუნებამ?!

ელი ჩუმადაა.

აღარ კივის და აღარც ეშინია.

ელი იღიმის.

ფიქრობს, რომ ყველაფერი გაივლის.

ელი მიწის მთელ ნაგლეჯზე ჯდება. მოკეცილ ფეხებში თავს რგავს და კივის.

მალე ელის კივილით მიწყდება სადღაც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s