თვითმფრინავი

პირველად თვითმფრინავი ახლოს, სრული მასშტაბებით, ათი წლისამ ვნახე. მამა ამერიკიდან მოფრინავდა და მთელი ოჯახი მის დასახვედრად წავედით. მაშინ რაიონში ვცხოვრობდი, დედაქალაქში არც ისე ხშირად ჩამოვდიოდი და იმ ერთეულ შემთხვევებში აეროპორტთან ახლოს არ ვბანაკდებოდი.

მახსოვს, შორეული ქვეყნიდან ჩამოფრენილ მამასთან ერთად უკვე მანქანაში ვიჯექი, სახლში ვბრუნდებოდი. ფანჯარაზე მქონდა ცხვირი მიდებული და ამოსუნთქული ჰაერით ჩემი დახატული და უკვე წაშლილი ფიგურების გაცოცხლებას ვცდილობდი, როცა მინის მიღმა  უზარმაზარი რკინის ჩიტი დავინახე.
ეს ის ფრინველი იყო,რომელიც ცაზე თეთრ ნაკვალევს ტოვებდა. რომელიც სულ პატარა ჩანდა ჩემი ეზოდან და რომელშიც ხშირად ვხედავდი საკუთარ თავს. ვცდილობდი, გამომეცნო, საით მიფრინავდა, რამდენ ადამიანს იტევდა და რამხელა იყო რეალურად, მაგრამ ისეთი არასდროს წარმომედგინა, როგორიც აღმოჩნდა. ჯერ სივრცით მოგვრილი შიში ვიგრძენი, მერე უცნაური იმედგაცრუება, რომ ვერასდროს შევძელი მისი წარმოსახვაში ასეთად აღქმა და ბოლოს გული დამწყდა, რომ ისეთი ლამაზი არ აღმოჩნდა , როგორსაც ველოდი.

სახლში რომ დავბრუნდით, დედამ მომაწესრიგა, საძინებლამდე მიმყვა, საბანი გამისწორა, შუქი ჩააქრო და ოთახში მარტო დავრჩი. მთელი ღამე იმ რკინის ვეებერთელა არსებაზე ფიქრში გავატარე. როგორ შეიძლებოდა ამხელა რამის ჰაერში აწევა? რატომ არ ეშინოდა მამას და როგორ იკავებდნენ მას ფარფატა ფიფქები? ვერნაპოვნი პასუხებით დამათენდა და ჩამეძინა. შუადღისას, როცა თვალი გავახილე, ის აღარც მახსოვდა. რაღაცნაირად, მივივიწყე, რაც, ალბათ, ბუნებრივიც იყო.

მას შემდეგ, ყოველთვის, როცა ცაში მფრენ თეთრ ჩიტს ვხედავ, მოციმციმე ნათურებით ფრთებზე, ყოველთვის 10 წლის გოგო მახსენდება, რომელსაც იმედი გაუცრუვდა, შეეშინდა და გული დაწყდა მასთან შეხვედრისას.

დღეს, პირველად წლების განმავლობაში, ზუსტად ისევე მეშინია. ოღონდ ამჯერად – საკუთარი ნაწერების.
ამბების, რომლებიც სავსეა იმედგაცრუებითა და დანგრეულზე ვერაშენებული ურთიერთობებით.
იმიტომ მეშინია, რომ ყველაფერმა,რაც კი ოდესმე დამიწერია, ახდენა დაიწყო.
როცა ვწერდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე მათგანი ასე მასშტაბური, მძიმე და ვერდასაძლევი იქნებოდა, თორემ არასდროს დავწერდი უბედურ ხალხზე.

არასდროს ვახსენებდი გულის ტკივილს, ცრემლს და განშორებას.
ყველა ფურცელს მივუძღვნიდი პეპლებს, მზეს და დილის სიოს. ნაწვიმარი ბალახის სუნსა და ზღვის ხმას.

მხოლოდ იმ მარტივ ბედნიერებებზე დავწერდი, რომელიც ახლა ასე ძალიან მაკლია.

რომ მცოდნოდა, რამხელა ძალა აქვთ ამ არსაიდან მოსულ სიტყვებს, მთელ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის წერილების მიწერაში გავატარებდი. წერილების, სადაც მხოლოდ სინათლე და ახალი თოვლია. სადაც ვერავინ იპოვის ქარიშხალს და გვალვისგან დახაზულ მიწას. გაუვალ ლაბირინთებს ერთი მეორეს მიყოლებით დავშლიდი და მხოლოდ ყვავილებით გადაჭედილ ტრიალ მინდორზე ისეირნებდნენ ჩემი გმირები.

ამ წვრილ ხაზებში ქალებს ღალატობენ. ტოვებენ და უკან აღარ ბრუნდებიან. ან ბრუნდებიან, მაგრამ ისინი, ვის ტყავშიც მე ვარ, უარს ამბობენ მიღებაზე.
ჩემს ნაწერებში უბედური ქალები საკუთარ თავს ეწირებიან მსხვერპლად.
მიჰყვებიან ფიქრებს და უკან გამოსასვლელ გზას აღარ იტოვებენ.
შედიან უდაბურ ტყეში, საიდანაც გამოსული არავინ უნახავთ.
იცინიან, ტირიან, უყვართ, ეფერებიან, ზრუნავენ – და მაინც, ყველა კვანძი იკვრება ბოლოს. წერა ამას რაღაცნაირად მოითხოვს. და მე, მხდალ ავტორს, მეშინია შეკრული კვანძების. შიშის ზარს მცემს აჩრდილად მოსიარულე ნაწერები ჩემს ცხოვრებაში. მაშინებს იარაღი, რომელიც აუცილებლად გაისვრის. დანა, რომლიდანაც სისხლი ადრე თუ გვიან გაჟონავს და რომელიც პატრონს აუცილებლად ამხელს.
მეშინია, რომ  ერთ დღეს მივხვდები, აღარასდროს გამოიდარებს,
რომ სადღაც, სავარძელზე მიფენილი პალტო ელოდება, როდის დავავლებ ხელს და გავიქცევი,
რომ მეც მომიწევს იმის გააზრება, როგორ ვიზიარებ საბანს უცხო ადამიანთან.
ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ჩემი ყველა ნაწერი ჩემში დატრიალდება. ყველაფერი, რაც შევქმენი და რაც შემექმნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღარ მინდა, მევე მომიღებს ბოლოს.

როცა ვეღარ ვუძლებ საფეთქლებში გამომსკდარ სიტყვებს, ვწერ. დაკმაყოფილებული კი ნაგავში ვისვრი. რომ აღარ ახდეს. რომ აღარ დამშორდნენ. რომ აღარ შემცივდეს. რომ აღარ გაქრეს ჩემ წინ მიზანი. და მე, როგორც შვილების მოშიში დედა, მხოლოდ სიბრალულს ვიწვევ საკუთარ თავში.

მე ჩემი გმირები იმისთვის გავიმეტე, რასაც თავად ვერ ვუძლებ. და მათ, ყველამ ერთად, გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავთან ძალიან ახლოს მიმიყვანონ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s