შემიყვაროს,რა!

შემიყვაროს, რა!

მის დიდ ხელებში მოქცეული ჩემი მტევნები სულ ციცქნა გამოჩნდება და მარტივად გამითბება.
დაკუჭულ პერანგს ვერასდროს მოვუწესრიგებ, მაგრამ არასდროს ვეტყვი, რომ ნაკეცები კუბოკრულ ქსოვილს არ უხდება.
დაწოლის წინ პირჯვარს გადავსახავ საწოლს, მე რომც არ მჯეროდეს 4 კუთხეში სამი თითით დასმული წერტილების, მისთვის გავაკეთებ.
ასობით მცდელობის შემდეგ გემრიელ საჭმელს მოვუმზადებ, სულ ცოტა რომ გამომივა, მთლიანად მას ვაჭმევ და არ ავდგები მაგიდიდან, სანამ არ მეტყვის, რომ გამომივიდა.

შემიყვაროს,რა!

ჩვენს სახლში მხოლოდ სიმშვიდის სუნი იქნება. არასდროს მოვწევთ შიგნით, მხოლოდ აივანზე.
ყოველ დილას მე გავაღებ საძინებლის ფანჯარას ძილის სუნის გასაფანტად და საღამოობით,დაწოლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ყველა ოთახს ავავსებ ჟანგბადით.
საუზმედ პური, ჯემი და მაგარი ყავა გვექნება, მერე ცოტა ხილს დავაყოლებთ, ენერგიისთვის და სანამ ის წვერს გაიპარსავს, მე ორივეს მაგივრად გადავწყვეტ, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ იმ დღეს.
როცა გამოიდარებს, მზე ჩვენი სახლის გარეშემო ჩამწკრივებულ მთებზე მოკალათდება და ჩვენი ძაღლიც წამოწვება მინდორზე, დიდ რკინის ჭურჭელში ჩასხმული წყლით დავბან ხელ-პირს და იქვე, პატარა ხის ვერანდაზე ვისადილებთ.

შემიყვაროს, რა!
საღამოს, დაღლილ-დაქანცულ ფეხებს ცხელ წყალში ჩავაყრევინებ.
გამთენიისას წამოვხტები თავის მოსაწესრიგებლად, რომ არასდროს მნახოს ვერ-მოსაწონი.
ფეხებმოკეცილი დავჯდები , ბალიშს ბუმბულს გამოვაცლი და ცხვირზე გავეთამაშები. მანამ ვუყურებ, სანამ ჩემი გაუთავებელი მცდელობების შემდეგ არ გამოიღვიძებს. სანამ შეწებებულ წამწამებს ერთმანეთისგან დაიხსნის, დანაშაულის კვალს იატაკზე მოვისვრი და უდანაშაულო ღიმილით შევეგებები ჩემი მზის ამოსვლას.
როცა ვიეჭვიანებ, მისთვის დათმობილ ხუთივე უჯრას გავცლი ტანსაცმლისგან და დამშვიდებულზე მევე დავალაგებ.

შემიყვაროს,რა!
წიგნებს ხმამაღლა წავკითხავთ.
შვილებს გავუჩენ, თუ მასაც ენდომება და ყველა სახელზე ატირებული დავუწყებ წიწინს. ბოლოს მაინც ჩემსას გავიტან და პირველ ბიჭს, მას რომ დაემსგავსება უპროპორციო ცხვირ-პირით, მოკლე, ჟღერადი სახელი ექნება.
ყოველ ძილისპირულს წუწუნში გავატარებ, ტელევიზორის ხმის, არასაკმარისი საბნისა და მისი გაუთავებელი ბორგვის გამო და მაინც მკვდარივით ჩამეძინება ბოლოს. სანამ სახეს საზიზმრეთს მივაქცევ, ხუთჯერ ვაკოცებ ტუჩებში, სამ-სამჯერ ლოყებზე და ერთხელაც ცხვირზე.

შემიყვაროს,რა!

შემიყვაროს და მე მთელ დედამიწაზე მეტად შევიყვარებ.

Advertisements

One comment

  1. ერთხელაც რომ შეგიყვაროს, დარწმუნებული იქნები, რომ ყველაფერი ასე იქნება? ან თუ გაგრძელდება შენი გრძნობა? ზოგჯერ ასრულებული ოცნება ყველაზე დიდი სასჯელია

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s