რას მეტყვის სახელმწიფო, რომლის იმედიც არ მაქვს?

11 წლის ვიქნებოდი, ჩემს სკოლაში საშინელი ამბავი რომ გავრცელდა ელვის უსწრაფესად. ჩემზე ერთი წლით უფროსი მოსწავლე, თიკო, სკოლის მიმდებარედ მანქანამ გაიტანა და გარდაიცვალა. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ თურმე, მხოლოდ მოხუცები არ იღუპებიან და შეიძლება, მეც, ჩემს საუკეთესო მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც დაგვემართოს იგივე.

მახსოვს,როგორ იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე.

თიკოს დედაც კარგად მახსოვს. უფრო მკვეთრად კი – მისი სახეცვლილება. ჭრელი, ლამაზი ტანსაცმელი შავებით ჩაანაცვლა, მაკიაჟი მოიშორა, დანაოჭდა და გაჭაღარავდა.

თიკოს ძმა მალევე დაბრუნდა სკოლაში, 1 თვის შემდეგ, ალბათ. კარგად არ მახსოვს. ვიცნობდი, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი, ისიც ძალიან შეცვლილი მეჩვენა.

მე ვუყურებდი ამ ოჯახის ტრაგედიას, ვაკვირდებოდი ყველას, ვინც თიკოს ამბავს ფაქტობრივად ემსხვერპლა, მორალურად განადგურდა. ყოველ დღე ვხედავდი თიკოს საკლასო ოთახში მის ფოტოს და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს იმ სკოლაში 7 წლის წინ ვიყავი, ცხადად მახსოვს მწვანე ქუდი, წითელი ლოყები, გულწრფელი ღიმილი, ნუშისებრი ფორმის თვალები და ხალი ლოყაზე.

ეს იყო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნეგატივი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე მძაფრად დაბრუნდებოდა ის აწმყოში.

 

დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოს დედაქალაქში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ნასვამმა მძღოლმა მოძრაობის წესების უხეში დარღვევით იმსხვერპლა ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე.

და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია ამ ამბავში, ის გაათავისუფლეს.

 

მრავალჯერაა გამოცდილი ამგვარ ამბებში ჩვენი საზოგადოება. ატყდება ერთი ამბავი, ვივიშვიშებთ სოციალურ ქსელებში, გავლანძრავთ უპასუხისმგებლო მკვლელს და მალევე მიგვავიწყდება ყველაფერი. მედიამ თუ არ ამოქექა არქივებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგ, არც არასდროს გაგვახსენდება. მაქსიმუმ, რუსთაველზე ჩავლისას ერთმანეთს ჩუმად ვუთხრათ:  ,,საწყალი გოგო, როგორ მოკლა იმ არაკაცმა…”

ჩვენ ამ ყველაფერს დავივიწყებთ. აუცილებლად. კიდევ ბევრი დანაშაული მოხდება. ვიღაც დედას დაასახიჩრებს, ქმარსა და შვილს დახოცავს და სიმთვრალეს შეწირულ ახალგაზრდათა რიცხვიც სტაბილურად მოიმატებს.

მძღოლებსაც, ექნებათ განცდა, რომ მთავარია კარგი პატრონი, სქელი ჯიბე, ნაცნობები საპატრულო პოლიციაში, ე.წ. ,,ნარუშილოვკა” და ა.შ. ისევ დასხდებიან მთვრალები საჭესთან და მერე ამით სულელ ხალხთან თავს მოიწონებენ.

 

რას ვეტყვით სოფოს ოჯახს?

რა პასუხს ვცემთ შავებში ჩაცმულ დედამისს, რომელსაც ჯერ საღსალამათი შვილი მოუკლეს და მერე მკვლელს თავზე ხელი გადაუსვეს.

რას პასუხს სცემს სახელმწიფო სოფოს მამას, რომელმაც იცის, რომ ან საკუთარი ხელით აღასრულებს სამართალს, ანდა, სახელმწიფოს წყალობით მისი შვილის უპასუხისმგებლო მკვლელი მშვიდად ივლის ქუჩებში.

ამ გოგოს მამა, ძმა, ბიძა, ან რომელიმე ნათესავი რომ ადგეს და მკვლელს პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდეს, ვინ იქნება მტყუანი? მხოლოდ სახელმწიფო. იმიტომ, რომ მისთვის კანონზე უფრო პრიორიტეტულია მაღალჩინოსანთა ნათესავების კმაყოფილება. იმიტომ, რომ ის  თავად გვიბიძგებს,  გავხდეთ დამნაშავეები.

 

თუ ხვალ, ვინმე მეც ისევე მომკლავს, როგორც სოფო მოკლეს რამდენიმე დღის წინ,  ამ ამბავზეც ბევრს ილაპარაკებს საზოგადოება, ზუსტად ვიცი. მერე, მოძებნის ჩემი მკვლელი ნათესავს საპატრულო პოლიციაში, მინისტრთა აპარასა და პროკურატურაში და გამოუშვებენ.

რას ეტყვის სახელმწიფო დედაჩემს, რომელიც ჩემი ღიმილისთვის ცხოვრობს?

მამაჩემს, რომელიც აუცილებლად აღასრულებს სამართალს საკუთარი ხელით და ჩემ მკვლელს ცოცხალს არ დატოვებს.

ჩემ დას, რომელსაც ჩემ გარეშე დაძინება უჭირს.

რას ეტყვის მართლმსაჯულება ჩემს შეყვარებულს, რომლის ცხოვრებაც დაინგრევა?

ბაბუაჩემს, რომელიც ამ ამბავს აუცილებლად გადაყვება.

მეგობრებს, რომლებიც ხშირად გამიხსენებენ და ბევრს იტირებენ.

 

რას გვეტყვის სახელმწიფო ახლა, როცა მისი იმედი აღარ გვაქვს?

Advertisements

One comment

  1. საშინელებააა, რაც ახლა ხდება. მხოლოდ ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s