გოშიას

რაც გავიგე, რომ არსებობ, გათენებამდე ვერ ვიძინებ.ძილი გამიტყდა. ბედნიერებისგან აკანკალებული ღრმად ვრგავ ბალიშში თავს და ვცდილობ, შევწყვიტო ფიქრი შენს ცხვირზე, ჩემსავით დიდ და ნუშისებრ თვალებზე, მომცრო ტუჩებზე, პატარა ყურებსა და წაბლისფერ თმაზე.

შენზე თითქმის ვერავის ვუყვები. მენანება მუცელში დაგროვილი ვარსკვლავების გაზიარება.

წარმოდგენა არ მაქვს,იქნები გოგო, რომელსაც როდესმე ჩემსავით მოუწევს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, თუ ბიჭი, რომლის წინაშეც სხვა გოგოები დაიწყებენ სრულფასოვნების დამტკიცებას. არ ვიცი, როგორი ხასიათი გექნება, მძიმე, პრინციპული თუ მყიფე და მარტივად სამართავი.

სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორად აღგზრდი.

ვიცი, რომ ვერასდროს ვერავინ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების განუსაზღვრელობაში ეჭვი შეგატანინოს.

ვიცი, რომ  არასდროს დაივიწყებ ჩემი კანის სტრუქტურასა და სურნელს.

ვიცი, რომ პირველად ჩემთან მოხვალ, როცა ვინმე გულს გატკენს და ერთად დავგეგმავთ, როგორ გადავუხადოთ სამაგიერო, ან როგორ შევძლოთ პატიება და მასზე უფრო მაღლა დადგომა.

ვიცი, რომ გაგახსენდები, როცა ჩახუტება, მოფერება, კოცნა და გამხნევება დაგჭირდება.

ვიცი, რომ არ გამიბრაზდები, როცა უკვე წამოზრდილს შენს ფოტოებს გაჩვენებ, როგორ დგახარ რომელიმე სკვერში ძალიან სასაცილოდ ჩაცმული, სუფთა, ყველაფრისმთქმელი ღიმილით.

ვიცი, რომ ჩემი ხმა ბავშვობაში წაკითხულ ზღაპრებს, კლასიკური მუსიკა კი – მინაბულ თვალებს გაგახსენებს და გაგეღიმება.

ვიცი, რომ მოვა დრო და ჩემი ნაწერების პირველი მკითხველი გახდები.

ვიცი, რომ ძალიან გეყვარები.

ვიცი, რომ ჩემს ეგოიზმს დიდ ხანს დანაყრებულს ამყოფებ.

ვიცი,მაპატიებ უჩემობის აუტანლობას, რადგან შენც ჩემსავით ეგოისტური სიყვარული გეცოდინება და გამიგებ.
ვიცი, როცა შენი ტირილი ყველას დაღლის, მხოლოდ მე შევძლებ საათობით გარწიო მკლავებში ჩაკარგული.

ვიცი, შენს ბაღის შეყვარებულს ერთად ვუყიდით საჩუქარს.

ვიცი, გეყვარება ჩემთან ერთად სეირნობა და ჩუმად ზამთარში ნაყინის ჭამა.

ვიცი, შენი პირელი დღე სკოლაში უჩემოდ არ ჩაივლის.
ვიცი, ამ სულელურ წერილს როდესმე წაგაკითხებ და ოთახიდან დარცხვენილი გავიძურწები.
მიყვარხარ და გელოდები.

სულ რამდენიმე თვეში ჩემს გულისცემას იგრძნობ და სამყაროს ყნოსვით აღქმას ჩემი კანიდან დაიწყებ.

მადლობა, რომ ასე მოულოდნელად, არსაიდან ჩამოფრინდი დედამიწაზე.

მადლობა, რომ აღარსად წახვალ.

Advertisements

One Comment Add yours

  1. Annie says:

    ცრემლები მომადგა ! ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s