ბედნიერება პატიოსანი ქალებისთვის

სამი წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი – ოქროსფერი, წითელი და შავი. ოქროსფერს ჩავიცვამ ხვალ, იმ შავ კაბასთან ერთად. ძალიან მოუხდება, ალბათ. ნეტავ, თუ ამჩნევენ ჩემი მეგობრები, რამდენს ვფიქრობ დილიდან, რომ საღამოსთვის კარგად შეხამებული ტანსაცმელი შევარჩიო. სულ ვნერვიულობ, იქნებ ბუნებამ ეს ნიჭი არ დამაყოლა-მეთქი, გასაგები მიზეზების გამო და რამე რომ შემეშალოს და დამცინონ, ალბათ, გავგიჟდები კიდეც!
სავსეა ჩემი ოთახი მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე ნაყიდი გადახუნებული, დაცრეცილი საცვლებით. ორი დღის წინ სამი ცალი ტრუსი და ერთი კოლგოტი ვიყიდე, სულ 10 ლარი გადავიხადე და ისე ბედნიერი წამოვედი სახლში, მეგონა, ცას ვეწეოდი. ისე, ნეტავ, რა შეგრძნება დამეუფლება, როდესმე, მდიდრული მაღაზიიდან უამრავი ტანსაცმლით ხელებდამძიმებული რომ გამოვალ, თმას ქარი ამიწეწავს, კაბას ოდნავ ამიფრიალებს და როგორ გავივლი ნაბიჯებს მაღაზიიდან ჩემს საკუთარ მანქანამდე, კომფორტული, არც თუ ისე მაღალი, დახვეწილი ფეხსაცმლით.
თმა ძალიან შესაღები მაქვს, ჭაღარებმა გადამივსო თავი. სარკეში რომ ვიხედები, ათას ინტერპრეტაციას ვუფიქრებ ჩემს ვარცხნილობას, რომ რაღაცნაირად დავფარო ეს ჭაღარები, მაგრამ ვეღარაფერს გავხდი. ხვალ, სახლის გზაზე აფთიაქში შევირბენ, ელზას გამოვართმევ საღებავს ნისიად და  კვირის ბოლოს უსიკვდილოდ ჩავასესხებ.
ნეტავ, როგორი იქნება ჩემი თმა, სალონიდან ახალგამოსულზე და საერთოდაც, მე როგორი ვიქნები იმ ფერის თმით, ვარსკვლავებს რომ აქვთ ტელევიზორში. ლულუმ თქვა, ათას ბალზამს, კონდენციონერს და ნიღაბს იდებენ შეღებვის შემდეგ და იმიტომაც უბზინავთ თმა ასე სასწაულადო. ერთი, უნდა გავიკითხო, რა ბალზამია ეგეთი, იქნებ სულაც არ ღირს ძალიან ძვირი და ბარემ იმასაც გამოვაყოლებ ხელს. ელზასგან, ნისიად.

კვირის ბოლოს მასაც და ლალისაც, ორივეს უნდა დავუბრუნო ვალი. აუცილებლად. ყოველ გავლა-გამოვლაზე მსაყვედურობენ. რა საყვარლები არიან ისე, არასდროს მელაპარაკებიან უხეშად.

 

მუშაობისას სულ იმაზე ვოცნებობ, კლიენტი ღვთისნიერი კაცი აღმოჩნდეს. ხანდახან ქალებიც არიან ხოლმე, მაგრამ, უფრო ხშირად მაინც კაცები. ქალებს არაუშავთ, საერთო ენას მარტივად ვპოულობთ, მაგრამ კაცი ხანდახან ისე გაშმაგდება, ან სიმთვრალისგან ისე გადაეკეტება გონება,სულ ვერ ხვდება, რას აკეთებს. როგორ მეზიზღება ხოლმე მაშინ საკუთარი თავი და კიდევ უფრო მეტად – ჩემი ოჯახი.

როცა ჩემს გონებას მშობლების, ნათესავებისა და ზოგადად, წინა ცხოვრებაში დარჩენილი ადამიანების სიძულვილში გამოვიჭერ, სულ ვცდილობ, გავამტყუნო, მაგრამ არ გამომდის.

მამაჩემი დედასთვის ნაჩუქარ ვარდებსაც კი უფრო მეტად უვლიდა, ვიდრე – მე. როგორ მახსოვს, ერთხელ, დაბადების დღეზე აჩუქა 3 ცალი წითელი ვარდი. მეორე დღეს, როცა გარეთა ფურცლები შემოუჭკნა, ნაზად დააცალა და ისევ ახლად აქცია. იმიტომ კი არ უვლიდა, რომ სხვა ვარდებს ვერ უყიდდა… ამის ფული ყოველთვის ჰქონდა. უბრალოდ, რაღაცნაირად, უნდოდა, ყოველ გავლა-გამოვლაზე დედაჩემს რაც შეიძლება დიდ ხანს გახსენებოდა, რომ ქმარმა დაბადების დღეზე 3 ცალი ვარდი აჩუქა. რომ დავინახე, როგორ ნაზად შემოხსნა ფურცლები წითელ ყვავილებს, გულში მხოლოდ ის ვიფიქრე, რა იქნებოდა, ერთი წამით ჩემს მიმართაც რომ გამხდარიყო-მეთქი ასეთი. მერე ეს ფიქრიც მიმავიწყდა.

დედაჩემს ძალიან უჭირდა ჩემი გამოშვება, შვილია მაინც, რაც არ უნდა იყოს და ისეთი ცხოვრებისთვის ვერ გავწირავ, მაგისნაირებს რაც უწერიათო. მამას ეხვეწებოდა, სახლში ჩავკეტოთ, გაბოზებას და ვინმეს ხელით სიკვდილს ხომ სჯობსო?! – ძალიან გავბრაზდი ამაზე, მერე ხშირად მინანია ეს ნაბიჯი, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ მე და ქუჩის კახპები ერთმანეთთან დედამ ასე, ერთი ხელის მოსმით დაგვაკავშირა, გავბრაზდი, უკვე ჩალაგებული ჩემოდანი შევკარი და გამოვიქეცი.

დიდ ხანს მეძებდა დედაჩემი. ხან რომელ მეგობართან, ხან – რომელთან. მე კი არსად ვიყავი, მირეკავდნენ, ძალიან დარდობს, გამოეხმაურეო. კარდაკარ დაგეძებს, რამე არ მოუვიდესო, მე კიდევ ყოველ დილით მეტად ვბრაზობდი მასზე. დროთა განმავლობაში ის მიზეზი, რის გამოც სახლიდან ნახევრადგახსნილი ჩემოდნით გამოვვარდი სასაცილოც კი გახდა. მართალი აღმოჩნდა დედაჩემი. სამსახური ვერ ვიშოვნე და თავის სარჩენად სხეულით ვაჭრობა დავიწყე.

თავიდან ძალიან მიჭირდა. კლიენტისთვის განკუთვნილი რამდენიმე საათი კი ქვითინში რომ გავატარე და ამის გამო ერთი-ორი კარგადაც მომხვდა, გადავწყვიტე, მხოლოდ ჩუმად, ჩემს ლოგინში მეტირა.

ახლა უკვე ნაკლებად მიჭირს. კი, რთულია, როგორ არა. ხშირად, სამუშაოს შესრულების შემდეგ გულიც კი მერევა, მაგრამ აღარ ვტირი.

ქვითინი და გოდება ძილის წინ ბედნიერებაზე ოცნებით ჩავანაცვლე. იმ ბედნიერებაზე, მხოლოდ პატიოსანი ქალები რომ გრძნობენ. ქმრის მოხვეულ მკლავებზე, ცრემლების მოსაწმენდად ლოყებზე გადასმულ ძლიერ ცერათითზე, თბილ პლედზე და ვიღაცისთვის მომზადებულ ვახშამზე ვოცნებობ ხოლმე ყოველი გამთენიისას, როცა პოლიცია ჩვენ მიმართ აგრესიული ხდება და სახლში გვიწევს დაბრუნება.

ეს პოლიციელებიც ზუსტად ისევე იქცევიან როგორც ჩვენი მშობლები მოიქცნენ ოდესღაც. ჩემი და მეგობრების. გგონიათ, ვაწუხებთ? ან ის აწუხებთ, რომ მათ პერიმეტრზე ვსუნთქავთ? – არა, უბრალოდ, როცა ხალხი ქუჩებში სიარულს იწყებს,მათი პროტესტის ეშინიათ და მერე ჩვენ გამო სამსახურის დაკარგვის.

არ ვაპროტესტებთ. შესვენება ხომ გვჭირდება? მოვდივართ სახლებში. ხშირად გოგოები მომყვებიან ჩემს პატარა ოთახში და ყავას ვსვამთ. ისეთი კარგია ხოლმე, როცა გათენებას ერთად ვხვდებით… ერთნაირად დაღლილები ვიძინებთ მაშინ, როცა გარშემო ყველაფერი იწყებს გამოღვიძებას.

 

მე ისევ ვოცნებობ პატიოსანი ქალის ბედნიერებაზე და ყოველ კლიენტში ვხედავ ახდენილ ზღაპარს მეძავიდან – ღირსეულ ქალამდე.

იყო კიდეც ერთი ასეთი. მერე ოჯახმა უთხრა, ცოლი მოიყვანეო და დაიკარგა. დავურეკე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ კი არა, მილიონჯერ დავურეკე. ბოლოს სახლში მომივარდა, მცემა, მთელი ოთახი მიანგრ-მოანგრია და წავიდა. აღარ გავკიდებივარ, ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა.
მას შემდეგ მაქვს იმედი, რომ პატიოსანი ქალის ბედნიერება სადღაც შორს, ან ძალიან, ძალიან ახლოს არის.

 

ათი დღის წინ მეგობარი დამეღუპა. კლიენტმა მოკლა. ისეთი ლამაზი გოგო იყო! მაღალი, ლამაზი ცხვირითა და ზღვისფერი თვალებით. მისთვის ბოლო გათენებას ერთად შევხვდით. მე, ის და ლულუ. მერე წავიდა და წავიდა. დიდ ხანს აღარ ჩანდა. ვურეკეთ, სამსახურში რომ არ მოვიდა, ხან სად ვეძებეთ, ხან – სად. მერე ვიღაცამ თქვა, მოუკლავსო კლიენტს.

რა რთულია, პატიოსანი ქალის ბედნიერებაზე იოცნებო, როცა ტრანსგენდერი ხარ, რომელიც ტროტუარზე ღამეებს ათენებს სხეულით ვაჭრობისთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s