სხვის სხეულს მოყოლილი ბედნიერება

არასდროს მიგრძნია თავი ასე უსუსურად. არასდროს მომრევია  დაკარგვის შიში. ალბათ, არსებობენ ბედნიერებისთვის არ-დაბადებული ადამიანები და მეც მათ რიცხვში ვარ.

მეშინია, რომ ყველაფერი ერთ დღეს მიწისძვრაგადატანილი სახლის კედლებივით ჩამომეშლება გარშემო და მერე ძალიან შემცივდება.

დაიწყება გამყინვარება, რომელსაც არ ექნება დასასრული. მხოლოდ ხანდახან გამოანათებს მზე და მალევე მიიმალება სქელ ღრუბლებში, როცა გამოდარების აზრს ვერ დაინახავს, არ ჩამთვლის მისი სხივების ღირსად, ან მიხვდება, რომ ვიღაცამ ჩემზე მეტად დაიმსახურა მისი თავი.
მეშინია მოსალოდნელი ქარიშხლის და უამინდობის შემდეგ შიშვლად დარჩენის სადღაც, ბნელ ქუჩებში.
მეშინია, რომ  უცხო ადგილას მიგდებული გზას ვეღარ ვიპოვნი და ასე ხეტიალი მომიწევს, სანამ ყინვა, შიმშილი ან საკუთარი უბედურება არ მომიღებს ბოლოს.

იქნებ, სულაც არ მინდა ეს ბედნიერება?
იქნებ, არ ღირდეს ამდენ შიშად?
ან, იქნებ, იმაზე სუსტი ვარ, ვიდრე მეგონა და არათუ  უბედურებას, ბედნიერებასაც კი ვერ ვუძლებ?!
იქნებ, ის საკუთარი თავი მინდა დავიბრუნო, რომელიც მხოლოდ იმიტომ იძინებს, რომ სიზმარში იგრძნოს რაღაც ძლიერი?
იქნებ ის ემოციურად იმპოტენტი ადამიანი მენატრება, ქარიშხლად მოვარდნილ ბედნიერებამდე რომ მიყურებდა სარკის მეორე მხრიდან?!

ალბათ, ბედნიერება ჩემთვის არ შექმნილა. უბრალოდ შუალედური ამბებისთვის ვარ გაჩენილი, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას რომ გვიტოვებს და ფრთებს ძლიერად გვიკრავს.

 

შეიძლება, სულაც სხვის სხეულში აღმოვჩნდი ერთ დილას და ისე მომეწონა ახალი სამყოფელი, რომ საკუთარ თავს დავავიწყე იქიდან გამოსვლის ვალდებულება.
შეიძლება, რომელიღაც სული ახლა ამ სხეულს თავდაკარგული დაეძებს და საკუთარ ბედნიერ ცხოვრებას ყოველ ღამით ცხელი ცრემლებით დასტირის.
შეიძლება, სულაც არ მაქვს უფლება, ვიჯდე და სხვისი ბედნიერებით ასე ვტკბებოდე.

შეიძლება, სწორედ ამიტომ მეშინია მისი. მეუცხოება ის, რაც მე არ შემიქმნია. რისთვისაც არ მიშრომია. რაც არ დამიმსახურებია.

მე ხომ მახსოვს საკუთარი ნაბიჯები ამ ბედნიერებამდე? არ ყოფილა მათ შორის არცერთი, ამხელა ემოციის ღირსად რომ ვექციე.
ნამდვილად სხვამ იწვალა ჩემი ამჟამინდელი ხვედრისთვის. ბევრი რამე დათმო, ალბათ. ხშირად ამბობდა უარს უაზრო სიამოვნებაზე და საკუთარ სულზე ზრუნავდა იმის მოლოდინში, რაც საბოლოოდ მე მივიღე – ადამიანმა, რომელიც მიღწეულ შედეგს უსინდისოდ დაეპატრონა და ის გააძევა საკუთარი ცხოვრებიდან. ახლა კი შედეგებს იმკის.
არ ვიცი, სად არის სხეული, რომელშიც ჩემი სული აქამდე ცხოვრობდა. შეიძლება, რომელიმე ნაგავსაყრელზე მიაგდეს გაყინული, ან სულაც მასშიც შესახლდა ვინმე უცხო და ისიც იმას განიცდის, რასაც მე – ახლა.

ერთი სული მაქვს, საკუთარი სხეული ვიპოვნო და ისევ დავბრუნდე მასში.
რომ ბედნიერების აღარ მეშინოდეს.
რომ საკუთარი შრომის შედეგით ვიღებდე სიამოვნებას.
რომ ღამით კოშმარიდან გამოფხიზლებულს არ მახსენდებოდეს ბევრად უფრო საშიში, ჩემი რეალობა.

თუ შენ  ხარ, ვის სხეულსაც  დავეპატრონე, გთხოვ, მოდი და წაიღე ის უკან. თუნდაც, მე დავრჩე ამის შემდეგ ყველაფერი ხორციელის გარეშე. თუნდაც მომიწიოს თავდაკარგულს ქუჩებში უჩინრად ხეტიალი, თუნდაც სადღაც ზევით, ჰაერში გავიფანტო პატარ-პატარა ნაწილებად. ეს ბედნიერება არ დამიმსახურებია. ეს ბედნიერება შენია. და ის შენ უნდა გეკუთვნოდეს.

მე ვთმობ შენს მშობლებს, საქმეს, კაცს… –  ყველაფერს, რაც ასე არაამქვეყნიურად შემიყვარდა, რაც ამდენ სხვადასხვანაირ გრძნობას უკავშირდება ჩემთვის.

მე ვიცი, ვიცი, შენ ამისთვის ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა მოგიწია.

მე ვიცი, შენ მისი დაბრუნება გინდა.

ჩემზე ნუ იდარდებ.
მე რომელიმე ტაძარში შევიპარები და იმის მიუხედავად, მართლა არის თუ არა იქ ღმერთი, მუხლებზე დამხობილი შევევედრები, მაპატიოს.
ნელ-ნელა შევმსუბუქდები, ჯერ შენს გაძვებას  ჩამოვიხსნი კისრიდან, მერე ბედნიერებით  ხარბად ტკბობის წამებს, მერე წვრილ-წვრილ ცოდვებსაც მივხედავ  და როცა საბოლოოდ გავთავისუფლდები. საკუთარ სხეულს მეც მოვნახავ.
გთხოვ, არ იდარდო იმაზე, რა მომივა მე.
ძალიან გთხოვ.
უბრალოდ მოდი და შენი დამსახურებული ბედნიერებით დატკბი.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s