ღმერთი ისევ ღრმად სუნთქავს.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ არის, ღრმად ვსუნთქავ. ფილტვების შევსებას ვგრძნობ და თვალებს ვახელ. ხედი ჩემი ფანჯრიდან სხვანაირია – იცვლება. ყავის ჭიქიდან ამოსულ ორთქლს არ მოაქვს არანაირი არომატი. მხოლოდ წვიმისა და ფიქრის სუნია გარშემო.

მთაზე, რომელსაც ჩემი ფანჯარა გაჰყურებს, ნისლი იმატებს.

ვფიქრობ, რა იქნებოდა, რაღაცები სხვანაირად რომ მომხდარიყო.

ნისლიანობისას იმ მთაზე ნამყოფი ვარ. წელიწადის ამავე დროს, მაგრამ დიდი ხნის წინ. მანქანის მინაზე რძესავით ეფინა ღმერთის სუნთქვა. მაშინ მეგონა, რომ აღარაფერი შეიცვლებოდა. ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც იყო და მოსული ადამიანები ვერაფერს მოიტანდნენ ახალს.

ახლაც ასეთი შეგრძნება მაქვს. იქნებ, როგორც მაშინდელი პროგნოზი არ გამართლდა, დღევანდელ ჩემს ფიქრებზეც გამეცინოს წლების შემდეგ.

მოგონებებს სუნი რამდენიმე დღის წინ პერანგზე შესხმული სუნამოსავით გაუცვდათ. ისევ იგრძნობა ყველა მათგანი, მაგრამ სხვანაირად. უფრო თავშეკავებულად და ძნელად. ღმერთი კი ისევ ღრმად სუნთქავს. ალბათ, მასაც უნდა, დაიჯეროს, რომ ყველაფერი რაც ამდენ ხანს აკეთა, მისი წარმოსახვის ნაყოფი არ არის.

შემიძლია, დავეხმარო. ის, რაც მან ჩემ ცხოვრებაში აკეთა, ვფიქრობ, რეალურია. ამას ხმამაღლა ვეუბნები. ისევ ღრმად სუნთქავს. ნეტავ, თუ გრძნობს საკუთარ ფილტვებს…

კანზე შერჩენილ ყველა მოგონებას სათითაოდ ჩამოვუარე. უმეტესობა ტკბილია, ზოგი ზედმეტად მწარე და ზოგსაც იმდენად მწირი სურნელი შერჩა, თითქმის ვეღარ ვგრძნობ.

მხრებზე რეალობის გაურკვეველი არომატი მაწევს. ღმერთი ისევ ღრმად სუნთქავს.

ხელებზე ცოტა ყავის, საწოლის და გუშინდელი ღამის სუნი მაქვს. ყავა მწარეა, საწოლი – ღრმა, გუშინდელი ღამე – ჩვეულებრივი.

თითებზე ისევ მაქვს შერჩენილი უგემური საჭმლის ერთმანეთში არეული ათასი არომატი. ფანჯარაში ყავის ჭიქიან ხელს ვყოფ და უკვე დალეულ ნაწილს წვიმის წვეთებით ვავსებ.

მგონი, ღმერთმა მთას სული შეუბერა, მისი ამონასუნთქი ნისლი უცებ დაიძრა სადღაც – შორეთში.

წვიმა, ალბათ, ღმერთის ცოლის ცრემლებია. შეიძლება,ერთმანეთს რაღაც ბავშვურად აწყენინეს. ჰოდა, ზის ახლა ღმერთი და ქშენით ნისლავს მთებს, მისი ცოლი თავზე დაგვტირის. ნეტავ,როგორი ხმა აქვს ღმერთის ცოლს. ვფიქრობ, ჩვეულებრივ მომენტებში – ქალური, ოდნავ მობერებული, მაგრამ ახლა, როცა გაბუტული ზის და ტირის – ბავშვივით უსუსტდება ყველა ბგერა.

შეიძელბა, მალე ყელზე შებნეული მარგალიტები ერთი ხელის მოსმით მოიწიწკნოს და  თავზე დაგვაბნიოს.

ფეხზე შემცივდა, მგონი ღმერთის შვილს სახლის კარი ღია დარჩა. ალბათ, ზის ახლა ღმერთი და საკუთარი ცოლის შემორიგებაზე ფიქრობს. თან ქშინავს. ნისლი არ ალაგდა მთიდან.

ნეტავ, როგორ იბუტებიან ღმერთები? – ალბათ, ადამიანებივით დასხდებიან, ფეხებს არაბულად მოკეცავენ, ხელებს ერთმანეთს გადააჭდობენ, ნიკაბს მკერდისკენ დახრიან და თვალებს აქეთ-იქით აპარებენ. შემოსარიგებლად მოსულის ლოდინში. მათ სახლში კი სულ მუსიკა ისმის. ჩემი ვარაუდით, მშვიდი, არაერთგვაროვანი, უსიტყვო და მრავალკლავიშიანი.

და მაინც, ღმერთი ისევ ღრმად სუნთქავს, მე კი მოგონებების ყნოსვაში ცხვირი დამეღალა.

Advertisements

One comment

  1. შემოდგომისეული პოსტია, მოგონებებისა და მუზის ფერებით დახატული 😉 ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s