ეფემიას დედა

ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა…

ძალიან ცივია მიწა, რომელიც ყოველ ახალ ნაბიჯზე, თითქოს ცდილობს, ჩამითრიოს. ასე იცის ჩვენს მხარეში, იანვრის თვე უსაშველოდ სქელ ყინულს მოისხამს ხოლმე მხრებზე. ადრე არ მიჭირდა, ღუმელი ყოფნიდა ჩვენს პატარა სახლს, რომელიც ფარდული უფრო იყო, მაგრამ ძალიან მემყუდროებოდა. შეჭირხლულ ფანჯრებს ოთახში დამდგარი სითბო უთენია ალღობდა. ადგებოდა დედა 7 საათზე, შეანთებდა ღუმელს და ოთახები ბებერ ძვლებს რომ მოითბობდნენ, გვაღვიძებდა ქმარ-შვილს. მამა სამსახურში მიდიოდა შავი, ძალიან სქელი ლაბადით, ჩვენ ხელ-პირს დავიბანდით და ვსხდებოდით სასაუზმოდ. მერე ყველას სათითაოდ გამოგვპრანჭავდა დედაჩემი, მომჭკნარი ხელებით გვიკრავდა ქურთუკის ღილებს, ფეხებს დაგვიკოცნიდა და გვაცმევდა თავისსავე მოქსოვილ წინდას და ოდნავ გადახუნებულ ზამთრის ფეხსაცმელებს.
ისე მიყვარდა ის წამი, როცა დედა ფეხის გულებზე მკოცნიდა… დამსკდარი ტუჩები მიღუტუნებდნენ და ხმამაღლა ვიწყებდი სიცილს. როგორ გულიანად ვკისკიდებდი მაშინ! და რამდენი ხანია, არ მიგრძნია, რას ნიშნავს, როცა სიცილი ნიშნავს სიცილს.

ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა…

მახსოვს, ის ავბედითი ზამთარი როგორ დადგა. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთი ადამიანის ცხოვრებას ამდენნაირი ელფერის მიღება შეეძლო. სახლში რომ დავბრუნდი, გაღიმებული დედაჩემი შემომეგება ზღურბლთან. ეზოსკენ გამწია ხელით. გამიკვირდა, ყოველთვის პირიქით იყო, ერთი სული ჰქონდა, შევსულიყავი, თოვლისგან დამლპალი ტანსაცმელი გამეხადა და ღუმელქვეშ შემეწყო ფეხები. არ გაგიცივდესო, მეუბნებოდა, ბავშვი აღარ გეყოლებაო. მეც, მჯეროდა და სასწრაფოდ ვილღობდი გალურჯებულ ფეხებს.
,,ჩუმად! ჩშშ… მომისმინე!” – გაბრწყინებული თვალებით შემომაშტერდა და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მომიტანა. – ,,მთხოვნელია, დედა! ჩემო ლამაზო! სკოლიდან გამოსული დაუნახიხარ და მას მერე გაგიჟებულა შენზე. ისეთი კარგი ოჯახია, დედა! თმა გაისწორე, ჩემო ნაბოლარა!” – ხმის ამოღება არ მაცადა, თითები თმაში შემიცურა, სამაგრი მომხსნა, მომაწესრიგა და შესასვლელისკენ წამიმძღვარა.
დღის ბოლოს მამაჩემმა სადღეგრძელო შესვა და სტუმრები წავიდნენ. ხმა არ ამომიღია. ისეთი კარგი იყო ალი! რაღაცნაირი, კეთილი თვალებით.

ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა… ქუდიც მომენახა კარადის ზედა უჯრაში, რა იქნებოდა…

ჩემი თვალის ჩინი, ჩემი ეფემია!
ნეტავ, ახლა რას აკეთებს? ალბათ იმ თავის საქარგებს უზის ისევ და ფერებს ერთმანეთს უხამებს. უკვე რამხელა გოგოა, მე კიდევ დღემდე ვერაფრით ვარგე.
როგორ ველოდი, მთელი სამი წელი! ყოველი წითელი ლაქა ახალ იმედგაცრუებას ნიშნავდა. ყოველი თვის ბოლოს ვტიროდი ბალიშში თავჩარგული.
როგორ მეშინოდა, იქნებ, მაშინ გამიცივდა ფეხები, დედამ რომ გამოცვლა არ დამაცადა და ალის წინაშე წარმადგინა-მეთქი!
მერე, ერთ დღესაც, მოფრინდა და ამომივსო მუცელი ვარსკვლავებით.
ეწყინა მამამისს, გოგო დაიბადაო რომ უთხრეს. მერე შეუყვარდა ძალიან. ზღაპარიც კი წაუკითხა რამდენჯერმე ბავშვობაში.

ნეტავ, ფეხზე რამე თბილი ჩამეცვა…

როგორი ცივია ჩვენი მხარე. თითქოს, მთელ სითბოს გვართმევდეს ღმერთი. თითქოს, ჩვენი დასჯა ჰქონდეს გადაწყვეტილი.

23 წლის ვიყავი, პირველად რომ გამარტყა. ამეტირა. არასდროს არავის ვუცემივარ. მამაჩემი დედაჩემს ისე აღმერთებდა, მისი მეგობრები სულ ხუმრობდნენ, მალე ილოცებს მძინარე აზას ფეხებთანო. მახსოვს, როგორ უკოცნიდა თვალებს ატირებულ დედაჩემს, პირველად რომ დაუყვირა. მაპატიეო, ევედრებოდა. ამანაც აპატია. ეს იყო და ეს.
სახლში წავედი იმ საღამოს. ჩემს სახლში. დედაჩემთან. შემატყო, რაღაც ვერ ვიყავი. მამას გამარიდა და ცალკე დამისვა სალაპარაკოდ. ,,ხდება ხოლმე,ჩემო სანუკვარო” – მითხრა და ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა. მის კალთაში ჩავმალე სახე. თმაზე მეფერებოდა. იმ წამს ყველაზე კარგად მან იცოდა, რომ არ ხდება ხოლმე. იცოდა, რომ უნდა დავეტოვებინე, განა ვერ გრძნობდა. მაგრამ მერე ხალხი რას იტყოდა?! ჰოდა, ასე გამომიშვეს უკან. მამამ გამომაცილა. არაფერი უკითხავს. დარცხვენილი მომყვებოდა უკან ლანდივით.

***

ნეტავ, რა იქნებოდა, იმ ღამეს ბათუს რომ არ შემოეხედა ჩემთვის მოშიშვლებულ მხრებზე. რა იქნებოდა, რომ არ შევჩეხებოდი მის მზერას და თავი არ დამეკარგა? ან, რა იქნებოდა, რომ მენანა მაინც. როგორ გიჟივით დამაცხრა გულზე, როგორ დამიკოცნა მტირალი ღაწვები. ჩამიხუტა და არ უნდოდა, თითქოს, ჩემი გაშვება. არ ვემეტებოდი ჩემი ცხოვრებისთვის. მხოლოდ დედობისთვის არ ვემეტებოდი.
რა იქნებოდა, ის შეგრძნება რომ არ ეჩუქებინა ჩემთვის, უცნაური ბურუსის შემდეგ დაუფლებული. სახელი არ ვიცი, ჭიპიდან ტვინში ავიდა და დაეშვა მერე ნელ-ნელა ფეხებისკენ. მსგავსი არაფერი განმიცდია მანამდე.
რა იქნებოდა, არ ვყოფილიყავი ქალობას მონატრებული.
ნეტავ, რა იქნებოდა, სული თბილად რომ მქონოდა…

სულ თვალწინ მიდგას, როგორ დამიმალეს ეფემია ჩემი დედამთილის საძინებელში. არ დაინახოს მეძავი დედაო, ყვიროდნენ მეზობლები. ვიხვეწებოდი, დედაჩემთან წამაყვანინეთ, მერე მომკალით, მოძალადე მამასთან მარტო არ დამიტოვოთ ერთადერთი შვილი-მეთქი. სამეზობლოში ხმა წამებში დაირხა, ათ წუთში ჩემთან იყო დედა. სახეს იხოკავდა, ვაი, სასიკვდილე აზაო, გაჰკიოდა. არადა, ის კი არა, მე ვიყავი სასიკვდილო. არ მომკლეს, ჩემი ქმარი იმაზე სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.
მხოლოდ ის კადრი მახსოვს, როგორ მიარბენინებს მოხუცი დედაჩემი გულში ჩაკრულ ეფემიას. სახლიდან გადის და მე მარტო მტოვებს. როგორც კი დარწმუნდნენ, ბავშვი შორს იყო, მითხრეს, გაეთრიე სახლიდანო. ვერ მოვიფიქრე, რამე თბილი ჩამეცვა.
წამოვედი. ვტიროდი და გულში მუშტების რტყმით მოვუყვებოდი ვიწრო ქუჩებს.
სოფლის მოედანზე რომ გამოვედი, თითქოს, ცრემლი გამიშრა.
მას მერე ასე გაყინული მოვბარბაცებ ნაცრისფერ გზებზე.

კარგად არ მახსოვს, სად უნდა ჩამოიაროს ქალაქის ავტობუსმა.
ფეხები გამეყინა, მაგრამ არაუშავს.

***

ნეტავ, რას მოუყვებიან პატარა გოგოს გადაკარგულ დედაზე?!
ნეტავ, რამდენ არჩადენილს დამაბრალებენ?!
ნეტავ, დედაჩემი თუ დაუკოცნის ეფემიას დილით გაყინულ ფეხებს?!

4.10.2016

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s