ქალთა კიდობანი

განცხადება :

,,იწყება უვადო მოგზაურობა. ტრანსპორტი – კიდობანი. დანიშნულების ადგილი – სრულყოფილება. გავდივართ ხვალ, ყოველდღიურობის სადგურიდან.
უ ფ ა ს ო!”

რაღაც ასეთს გავაკრავდი ქალაქის ყველა კუთხეში. სისხამ დილას გავიდოდი ჩემი ყოველდღიურობით გადაღლილი მგზავრებითურთ და დავიწყებდი უვადო მოგზაურობას ბედნიერებისაკენ.
დავუშვებდი მხოლოდ იმ ქალებს, რომლებიც დამარწმუნებდნენ, რომ ნამდვილად სჭირდებათ ადგილი კიდობანში.
ქალებს, რომლებსაც კაცებმა აწყენინეს.
ქალებს, რომელსაც ქალებმა მოუკლეს გული.
ქალებს, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რომელ სქესს მიანდონ გული, სხეული, სული.
ქალებს, რომლებსაც შვილები თვალსა და ხელს შუა დაეზარდათ და ახლა მარტოობა ღლით.
ქალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, გაექცნენ რუტინულ სამსახურს.
ქალებს, რომელთა საყვარლებმაც სხვა საყვარლები აირჩიეს.
ქალებს, რომლებსაც ვახშამი სიმწრით დაეღვარათ წინსაფარზე, უცხო პარფიუმის შეცნობისას საყვარელი კაცის სხეულზე.
ქალებს, რომლებმაც არ იციან, როგორ ისიამოვნონ საკუთარი სხეულით.
ქალებს, რომლებიც აღარ არიან ბედნიერები.
ქალებს, რომლებსაც ნაპერწკლები გაურკვეველი ვადით ჩაუქრათ თვალებში.
ქალებს, რომელთა მუცელშიც პეპლებმა ღრმა ძილით მიიძინეს.
ქალებს, რომლებიც დაიწუნეს.
ქალებს – რომლებსაც გაქცევა უნდათ.

შევიყუჟებოდით კიდობანში ქალები. დავივიწყებდით ყველას, ვინც როდესმე კისერზე ჩამოგვკიდა მძიმე ტვირთი. დავივიწყებდით ფულს და ყველაფერს, რისთვისაც ის საჭიროა.
დავივიწყებდით სხვებზე ზრუნვის ვალდებულებას.
დავივიწყებდით წყენას.
დავივიწყებდით ქალებს, რომლებმაც ჩვენი არატრადიციული ორიენტაციის მგზავრებს ხმელეთზე გული მოუკლეს.
დავივიწყებდით, რომ ვიღაცისთვის არასასურველები აღმოვჩნდით.
დავივიწყებდით უცხო პარფიუმს.
დავივიწყებდით სამსახურებს.
დავივიწყებდით საყვარლებს.
დავივიწყებდით წინსაფრებს.
დავივიწყებდით კაცებისთვის თავის მოსაწონებლად დაღლილ სარკეებს.
დავივიწყებდით ზედმეტ თმას სხეულზე.
დავივიწყებდით კულმინაციის მიუღწევლობით გამოწვეულ სევდას.
დავივიწყებდით დამწვარ თმას.
დავივიწყებდით უბედურებას.

დავივიწყებდით ცხოვრების გახუნებულ ფერებს და მოვემზადებოდით ყველაფრის თავიდან დასაწყებად.
გავიცნობდით საკუთარ თავებს და ვისწავლიდით, როგორ გვეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით.
ვეცდებოდით, დაბრუნებულებს სამყარო უკეთესობისკენ შეგვეცვალა.

წარმოვიდგინე, როგორი იქნება კრუიზის ბოლო.

შუქურის დანახვისას ფანჯრებთან მიმწყდარი ჩემი ქალები. პორტში გადმოფარფატებული უამრავი ქალღმერთი, მათი კაცების მომლოდინე თვალები. დავიწყებულთა სევდა და ამაზე არ-დარდი. აფერადებული დედამიწა და შემსუბუქებული ჰაერი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s