პირველი დღე – არჩევანი.

იბადები და წყლიდან იმ წამის ამომძვრალს ჰაერთან შეგუებას გთხოვენ. უარს თუ იტყვი, გირტყამენ, ოდნავ, მაგრამ ხელდაუკარებელი არსებისთვის, ალბათ, მეტისმეტად მტკივნეულად. ალბათ სიბნელიდან გამოსვლის პირველი დღე ყველაზე რთულია. გუგებს გიწვავს ათასფერი სინათლე. ამიტომ არის, რომ სულ თვალდახუჭულს გინდა ყოფნა. მერე ნელ-ნელა ეგუები. უნდა აირჩიო, საერთოდ დაიწყო ცხოვრება თუ არა.

სკოლაში რომ იწყებ სიარულს, პირველ დღეს უცხო ადამიანები საჩვენებელი თითით განიშნებენ, სად უნდა მოგიჩინიონ ადგილი. ჯდები და მერე სცენარი რამდენიმენაირად ვითარდება, ირჩევ :  იტირო,  იჯდე ჩუმად და სახლისთვის შემოინახო ყელში გაჩხერილ ბუშტში ჩაგუბებული ცრემლები, თუ გაიღიმო და გაგიხარდეს, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყე.

სამსახურის პირველი დღე სამსჯავროს ჰგავს. სანამ თანამშრომლების წინ წარსდგები, ირგებ იმიჯს, რომლითაც შემდგომში გარკვეული პერიოდი უნდა იცხოვრო. უნდა გადაწყვიტო, როგორად გინდა გიცნობდნენ ადამიანები.

ურთიერთობები, რომლებიც გარკვეულ ეტაპებს გადიან, დიდწილად უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იძენენ. მერე, ერთ დღეს, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ვინმე მუხლზე დაეცემა შენს წინ, ან თავად იქნები ის ,,ვინმე” და დაუჩოქებ მას, ვისთანაც უამრავი პირველი დღით დახუნძლულ ცხოვრებას უფრო ასატანად წარმოიდგენ. ჯერ ის აკეთებს არჩევანს, ვინც მუხლზე უნდა დადგეს, შემდეგ მეორე და ასე – ორივე ცალ-ცალკე და თან ერთად – ირჩევთ, როდის იქნება ახალი ცხოვრების პირველი დღე, ან საერთოდ, იქნება თუ არა.

ჩემი აზრით, ყველაზე რთული ისაა, როცა მშობლად ქცევის დღე დგება. როცა იგებ, რომ სადღაც, სხვის მუცელში, ან შენსაში, ახალი სიცოცხლე იწყებს არსებობას. არსება, რომელსაც, დიდი ალბათობით,ერთი ნაკვთით მაინც დაგემსგავსება. რომლის ხასიათშიც ხშირად დაიჭერ შენს შტრიხებს. რომელიც ხშირად წავა შენს წინააღმდეგ და გაგახსენებს, როგორი იყავი მის ასაკში. არჩევანი უნდა გააკეთო, თანაც ყველაზე მეტი და ყველაზე რთული. ყველაფერი უნდა აირჩიო : როგორი მშობელი იქნები, ლმობიერი, მკაცრი  თუ ზედმეტად ზედაპირული. ისიც კი – მოევლინება თუ არა ქვეყანას კიდევ ერთი ადამიანი. ჰო, ასეა, ესეც არჩევანია.

იმ დღეს, როცა ძალიან ძვირფასი ადამიანი, სუბიექტური ან ობიექტური  გადაწყვეტილებით, შენგან მიდის, უთვალავი არჩევანი იშლება  ჰორიზონტზე :
წამოდგე, ცხოვრება განაგრძო და შეეგუო, რომ ყველას ვიღაც ან რაღაც ჩაანაცვლებს, დრო გაახუნებს და ტკივილებსაც შეამსუბუქებს.
კარი გააღო, გაიქცე და ფეხშიშველმა მიირბინო მის ზღურბლთან (თუ, რა თქმა უნდა, ისევ არსებობს ადგილი დედამიწაზე,  სადაც მოძებნი),
თუ ჩაიკეტო ერთ ოთახში და ელოდო, როდის დაბრუნება.
ეს  საკუთარ თავთან მოლაპარაკების წარმოებას ჰგავს. მოლაპარაკების, რომელსაც იძულების, ფიქრის, ცრემლის, სიცილის, გამარჯვების, დამარცხების, დაცემისა და წამოდგომის არომატი აქვს.

როცა ცხოვრების ბოლოში გახვალ და შენი პირველი ბოლო დღე დგება, გადასაწყვეტიც აღარაფერი გრჩება. თავში ხელებს ირტყამ და იმ დროინდელ შენ თავზე ბრაზობ, როცა გინდოდა, არჩევანი არ გქონოდა და ყველაფერი გამარტივებულიყო. ნატრობ,  ისევ იყოს რაიმე ასაჩევი. ისევ შეგეძლოს, თავად განსაზღვრო, სად იქნება შენი შემდეგი ამოსუნთქვა, რას ჩაიცვამ საკურთხეველთან მისასვლელი გზისთვის, როგორ გაზრდი შვილს, რა იმიჯს მოირგებ საზოგადოებისთვის თავის გასაცნობად, იტირებ თუ ჩუმად დაელოდები მასწავლებლის მითითებებს.

ნატრობ, რომ არჩევანი ისევ იყოს.

ნატრობ, რომ რაღაც შენს ხელთ იყოს.

ნატრობ, რომ რამის შეცვლა შეგეძლოს.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პრიველი ბოლო დღე უარჩევანო დღეა.

 

Advertisements

One Comment Add yours

  1. annakhuntsi says:

    ზოგადად, რთულია ჩვენი ცხოვრება და ხშირად გვიჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, ამის გარეშე ცხოვრება თავისებურ ხიბლს დაკარგავდა 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s