დაიძინე!

დაიძინე და ყველაფერი დაწყნარდება, თავის თავს უწამლებს ყველა ტკივილი. დაიძინე, შენ ოღონდ თვალები დახუჭე და შენსავე შექნილ სამყაროში გაიქეცი ცოტა ხნით.

თუ თავად არ ირწმუნებ, რომ გადახეხილი მუხლების გამართვას შეძლებ, ვერავინ გააკეთებს იგივეს შენ მაგივრად. იქვე დაიძინე, სადაც წაიქეცი, არც გადახრესილი საფეთქელი მოაშორო ცივ მიწას და ცოტა ხნით აცადე, გამოასწოროს თვისივე შეცდომა, როგორც წაგაქცია, ისევე მოგეხმაროს,  ფეხზე იმაზე მყარად დადგე, ვიდრე როდესმე.

დაიძინე-მეთქი, გოგო!

ვერაფერს შეცვლი ახლა, ვერც არაშენებულ სახლზე უაზროდ მიშტერებით, ვერც არგაჩენილი შვილებისთვის დაძინებამდე შუბლზე კოცნით, არაფერს მოგიტანს თავზე დანგრეული ჭერის ნაწილების სათითაოდ შეკოწიწება.

დაიძინე და აცადე მიწას, ფეხზე თავად წამოგაყენოს. იწექი აქ, დანგრეული სახლის შუაგულში და უსმინე საკუთარი გულის ფეთქვას. ითვალე, სანამ არ ჩაგეძინება.

აცადე ქაოსს, იცვალოს სახე ათასჯერ შენ გარშემო და მხოლოდ შენ იყავი მშვიდი მთელ სამყაროში. ისეთივე მშვიდი, როგორიც მედეა იქნებოდა, მისი შვილები რომ სახადს დაეხოცა. იწექი ისე, როგორც ჰუმბერტი იწვებოდა, თუ ეცოდინებოდა, რომ ლოლა სხვამ შეაცდინა. იგრძენი ის, რაც ჰარი ჰალერმა იგრძნო იმის გაცნობიერებისას, რომ ჰერმინე ერთი ჩვეულებრივი სექსს მოწყურებული კახპა იყო და ამიტომაც დაუნგრია ყველა ოცნება უცვეთ ურთიერთობებზე. იგრძენი ყველაფერი, რასაც გრძნობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ ადამიანობის გარდა.

შენც ხომ იცი, რომ ოცნება ვიღაცის მკლავებზე – შენს მკლავებს ქვევით,  მერე ინერციით წამოდგომაზე, სუფთა საძინებლამდე ბარბაცით მისვლზე, თეთრ ბალიშზე თავის დადებასა და ნაწვალები სახლის გამოტირებაზე – ის არსაიდან მოსული ბედნიერებაა, რომლისაც ჭკვიან ქალებს არ სჯერათ.

ცოტა ხანს გაძლევ, იწვე აქ (და გთხოვ კიდეც ამაც), სანამ შენი ბოლო წვეთი ენერგია არ შეივსებს დაკარგულს და ყელიდან საშომდე გაჭიმული ფიცარი არ გაგასწორებს წელში.

ერთ ადგილას გაშეშება და მშვიდად ძილი, თავისთავად, ეგოიზმია, მაგრამ ხანდახან ყველას აქვს ამის უფლება. დაიძინე, მოასწარი, სანამ ესეც არ წაურთმევია შენთვის ვინმეს.

დაიძინე, ჩემო გოგო, დაიძინე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s