ბედნიერების სახლი

მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, ოღონდ არა კლასიკური გაგებით. აქ არავის არავინ გამოუკეტავს და ყველას ერთი დედა გვყავს. გგონიათ, რამდენიმე ვართ ასეთი? არა, ბევრნი. რამდენიმე ,,გამოშვება” და ყველას ერთი ისტორია გვაქვს : გვციოდა, გვშიოდა და აქ მოგვიყვანეს გასათბობად და დასაპურებლად.

ახლა ათობით ნაოჭი აქვს სახეზე, მომჭკნარი ხელები მშვიდად დაულაგებია მუხლებზე, ხშირად ჯდება ფანჯარასთან და სადღაც ძალიან შორს იხედება. არავინ იცის, როდის მოვა დრო, როცა  ძალიან ბევრი შვილი დავრჩებით ობლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ნაკლებად თვითონ აღელვებს ეს ამბავი.

წერა-კითხვაც მისი წყალობით ვისწავლე და გრძნობების ფურცლებზე გადატანის უნარიც მისით არმოვაჩინე. არასდროს ლაპარაკობს დროზე, როცა თვითონ შეწყვიტა იგივეს კეთება, მხოლოდ იმას ამბობს, რომ რაც აქვს საკმარისზე მეტია და არაუშავს, თუ ახლა მის საქმეს მე და კიდევ რამდენიმე მისი აღზრდილი ბავშვი  აკეთებს. დამპირდა, რომ დღეს თავის ამბავს მომიყვება. ამბავს, რომელიც, ალბათ, კიდევ დიდ ხანს არ დამთავრდება. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.
იწყებს ნელა, რომ ჩაწერა მოვასწრო და თან ხშირ-ხშირად იცინის.

,,პირველად ამ დიდი სახლის მოწყობის იდეა ძალიან,ძალიან ბევრი წლის წინ გამიჩნდა. მინდოდა, ნაკლებ ბავშვს ეტირა ბუნებრივი მოთხოვნილებების გამო და მეტი ყოფილიყო ბედნიერი.
როცა ჩემი პირველი (არაბიოლოგიური) შვილი აქ მოვიყვანე, მხოლოდ შიში ვიგრძენი. საკუთარი უკვე მყავდა და თანაც არაერთი. არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი, გავმკლავებოდი მრავალშვილიან დედობას, მაგრამ ,,რაც არის, არის!” – ვიფიქრე და შავთმიანი გოგო შევიყვანე მესამე სართულის შუა საძინებელში. ახლად დაბანილს და კარგად დანაყრებულს მალევე ჩაეძინა. ვუყურებდი, როგორ იშმუშნებოდა სიამოვნებისგან და ვხვდებოდი, რომ იმაზე უფრო დიდი საქმე დავიწყე, ვიდრე მეგონა. ასე გამრავლდით, შაბათ-კვირას ჩემს სახლში სულ უფრო მეტი ბედნიერი  ჩიტი მიმყავდა და საკუთარი შვილების სამეგობროს სულ უფრო მეტად ვამდიდრებდი. ღმერთივით მწამდა საკუთარი საქმის და ეს ყველაფერი ყოველდღე სხვადასხვა ფერს სძენდა ჩემი ცხოვრების პალიტრას. მაშინ მეტ ენერგიას ვატარებდი სხეულით, ხმამაღლა ვიცინოდი, მქონდა ბევრი გიჟური ღამე და ახლად შებინდებულზეც არ ვწვებოდი დასაძინებლად. წამლები,რომელთა გარეშეც დღეს ცხოვრება არ წარმომიდგენია… მაშინ მათი სახელებიც არ ვიცოდი. რა კარგი იყო მაშინ! თუმცა, სულ არ მწყდება გული, იმიტომ რომ მალე ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ვიქნები უფრო მსუბუქი, აღარ შემაწუხებს სახსრების ტკივილი და არც საათობრივ კვებაზე ფიქრი! რა მაგარია!” – შემოჰქრა ძალაგამოცლილი ხელები ერთმანეთს და წამოფრენა რომ დააპირა, სავარძელში კიდევ უფრო ღრმად ჩაემხო სუნთქვაშეკრული. მეც მახსოვს,როგორი იყო ,,მაშინ”, რამდენი ენერგია დაჰქონდა და როგორ უყვარდა თავისი ქმარი – ჩვენი მეორე მამა, რომელზეც, როგორც დამპირდა, ილაპარაკებს.

,,მეტი ბავშვის გალაღება მინდოდა მომესწრო. სიზარმაცემ მძლია. ბევრი დრო გავფლანგე   სიამოვნების მიღებაში და ხანდახან, როცა გამთენიისას გულის შემაწუხებელი ტკივილი მაღვიძებს, ამაზე ფიქრს ვიწყებ. მერე ვუყურებ, როგორ სძინავს ჩემში ასე მყარად შემოზრდილ კაცს გვერდით, ვუსმენ მის სუნთქვას, რომლის გაჩერებაზე ფიქრიც სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე და ვხვდები, რომ არავინ ისე არ იმსახურებდა ჩემ დროს, როგორც ეს ჭაღარა მოხუცი, რომელსაც მაშინ, როცა შევხვდი, მთელი სამყაროს ენერგია ჰქონდა ჩემთვის გადანახული. ამოქექა სხეულის ყველაზე ღრმა ნაწილებში ჩაბნეული ვარსკვლავები და თავზე დამაყარა. ანიმაციური ფილმის პერსონაჟივით გადამაგდო არამიწიერ სამყაროში, შეუდგა ჩემი ოცნებების ასრულებას, მე კი მასზე და ზოგადად ადამიანებზე ზრუნვა დავიწყე. ნელ-ნელა ჩემი ერთადერთი საზრუნავი ზუსტად ეს კაცი გახდა, მერე ჩვენი პირველი შვილი, რომლის დაბადებასაც ორივე გაოცებულები შევხვდით, მეორეც მალევე გვეყოლა, 2 წლის შემდეგ და ასე გაიზარდა ჩვენი, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი, ჯერ მისი წევრების რაოდენობამ 6-ს მიაღწია და მერე ნელ-ნელა იმდები გავხდით, რომ ვეღარ ვითვლიდით. მგონი, ყოველ შემთხვევაში, მე ამის დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ყველა შვილი, მიუხედავად იმისა, მისი შექმნილი და ჩემი გაჩენილი იყო თუ არა, ერთნაირად იღებდა სითბოს, სიყვარულს, ლაღ ცხოვრებას და ბედნიერების უფლებას.
ჩემ ცხოვრებაში რომ შემოაბიჯა საკუთარ თავზე მზრუნველი გოგო დაინახა, რომელსაც არავინ და არაფერი ადარდებდა სურვილების გარდა, რომელიც ცდილობდა, თავი დაემკვიდრებინა საზოგადოებაში და ყველაფერს იშორებდა გზიდან, დაუფიქრებლად. არ ადარდებდა სხვების შეგრძნებები და, გულწრფელად ვამბობ, მაშინ რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, ადამიანებისთვის სითბოს გაიმეტებო, დავცინებდი. ამოჩემებული მქონდა, რომ ყველას უნდა დაეტოვა თავისი წილი ტკვილი ჩემში და მერე წასულიყო. მოვიდა, ჩემს მაგივრადაც მან იბრძოლა, ასე გამოუვიდა და საბოლოოდ ის მივიღეთ, რაც ორივეს ყველაზე მეტად გვინდოდა.
ჩვენი ცხოვრება სავსე იყო სექსით, თავისუფლებით, ბედნიერებით, ცრემლებამდე სიცილით, სხვების დაუსრულებელი ქილიკით! გარეთ გასულები პირფერი ცხოველები ვხდებოდით, სახლის კარს შიგნით კი ვიხსნიდით ნიღბებს, ვიხდიდით ტანსაცმელს და შიშვლები დავეხეტებოდით ოთახიდან ოთახში. ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობდით და ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა. ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც მინდოდა, 70 წლის ასაკში ვყოფილიყავი. უკან გახედვისას ყველა ცარიელი ადგილი ფასეული მომენტითაა შევსებული. იმდენად მდიდარია ყველაფერი ის, რაც მე და იმ კაცმა გამოვიარეთ, რომელთანაც დღეს წნევისა და გულის წამლებს ვინაწილებ, რომ ვთვლი, სიკვდილს აქეთ უნდა ეშინოდეს ჩვენი.
სიმართლე მაინც უნდა ვთქვა, ჩემი არა, მაგრამ მისი სიკვდილის ნამდვილად მეშინია. დიდი ხნის წინ დავგეგმეთ, რომ ერთად დავიხოცებით. როგორც ბონი და კლაიდი, თუნდაც. მაგრამ, ხანდახან ეს იდეა კი არა საკუთარი სახელიც კი მავიწყდება და ალბათ, ამ ყველაფერმა ცოტა გამბედაობაც წამართვა. ვერ ვთავაზობ ცხოვრების დაგეგმილი გზით დამთავრებას, რადგან ახლა, როგორც არასდროს, ისე მჭირდება მიწის ზევით ყოფნა. დღეებს ზუსტად ისე ვეჭიდები, როგორც ახალშობილი ბავშვი მშობლის თითს – მთელი ძალით!  არ ვიცი, როდესმე თუ დადგება მომენტი, როცა მზად ვიქნები მასთან სულ რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებისთვის.” – შემომაშტერდა, წყლით სავსე ჭიქა აკანკალებულ ტუჩებთან მიიტანა და განაგრძნო.
,,ცოტა კი დაგღალე, მაგრამ მალე მოვრჩები. სხვა თუ არაფერი, წერა მე გასწავლე, შენ კი ამ ყველაფრის გახსენებაზე და მოყოლაზე დამიყოლიე. ასე რომ, ვალდებული ხარ, სულ ცოტაც გამიძლო.
დიდ ხანს მეშინოდა საკუთარ თავთან იმის აღიარების, რომ მეორე ადამიანი იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე მიყვარდა საკუთარი თავი. ორგანიზმში ყველაფერს მიკაწრავდა სიტყვა ,,მიყვარხარ”  და არაფრის დიდებით არ ამოდიოდა ზემოთ, მაგრამ როცა ყველაფერი ისედაც ნათელი გახდა და როცა ვეღარ დაიტია დედამიწისხელა სიყვარული ერთი გოგოს სხეულმა, გამოამტვრია კბილები ყველაზე ძვირფასმა გრძნობამ და მას მერე არ გავჩუმებულვარ. ყოველდღე ვეუბნები, როგორ მიყვარს, მაშინაც კი, როცა ყველაფერი მავიწყება, ეს მაინც მახსოვს. ჩავკიდებ ხოლმე ხელს და ასე, ორი მოხუცი ერთმანეთს ვაშტერებით თვალებში. შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილოც იყოს ამის ნახვა, მაგრამ ორივეს უცვლელი მხოლოდ თვალები დაგვრჩა და ესაა ჩვენი ინტერაქციის მთავარი საშუალება ახლა.

იცი რატომ მიყვარს ეს კაცი ასე არაამქვეყნიურად?
იმიტომ, რომ არც ერთ ქვეყანაში, სადაც ერთად ვიყავით, მისი მსგავსიც კი არავინ მინახავს. ცხოვრებაში არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამდენი სიყვარულის დატევას, ჩემს ატანას, ხშირად უაზრო მოთხოვნების ასე მოთმინებით შესრულებას, მაგარ ქმრობას და კიდევ უფრო მაგარ მამობას შეძლებდა.
მე ის, ალბათ, იმაზე მალე შემიყვარდა, ვიდრე რომელიმეს წარმოგვედგინა, განსაკუთრებით მე. მისით ცხოვრებაც მალევე დავიწყე და მას შემდეგ არაფერი  მარტოს აღარ მიკეთებია. ხელს რომ მიშვებს, დღემდე მეშინია და არ ვიცი, როგორ დავიძინო, როცა გვერდით მწყობრი სუნთქვის ხმა არ ისმის.

ეს დიდი ოჯახიც ერთად ავაშენეთ.
ვიღაცები თვლიდნენ, რომ ამ იდეის განხორციელება უბრალოდ კარგი ქმრის მიერ შესრულებული კაპრიზი იყო, ცუდი ცოლის კაპრიზი. მაგრამ მაშინ ორივემ ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაზე მყარი, რის დატოვებასაც ჩვენი წასვლის შემდეგ შევძლებდით, იქნებოდა ბევრი ახალგაზრდა სწორი იდეებით, ლაღი შინაგანი სამყაროთი, შესაბამისი განათლებითა და ბევრი სიყვარულით! – აი, თქვენ იმ ყველაფრის სახე და შედეგი ხართ, რაც ჩვენ წლების მანძილზე ვაშენეთ, რისთვისაც ხშირად, ღამეებს ვათენებდით.
შევქმენით ადგილი, რომელსაც ვერავინ უწოდებს ბავშვთა სახლს, სადაც მხოლოდ ბედნიერ ადამიანებს სძინავთ და საიდანაც აუცილებლად გავლენ სახელმწიფოს მმართველები, მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, თავისი საქმის პროფესიონალები.
მე დღეს ისევ ისე მიყვარს წუწუნი, როგორც თვრამეტი წლის ასაკში მიყვარდა, უფრო მეტადაც კი, რადგან მისმა გამძლეობამ გამიმძაფრა ეს მანკიერი თვისება. ის ჯდება, ისმენს ჩემს გაუთავებელ გოდებას წართმეულ ენერგიაზე, ჯანმრთელობაზე, სურვილზე, რომ არასდროს დავტოვო ჩემი შვილები და ქმარი, მერე მეხუტება, შუბლზე მკოცნის, მეუბნება ,,ჩემო პატარა” – და მეც გულუბრყვილოდ მჯერა, რომ არ გავზრდილვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გამიზნულად მაგდებდა საფრთხეში, გამოსაწრთობად ,,მიმეტებდა” და ამით გამბედაობას მმატებდა, დღემდე მშიშარა ვარ. მივეჩვიე, რომ მარტო ყოფნას ვეღარ ვიტან და, როგორც ხედავ, აქაც მხოლოდ მასთან ერთად მოვდივარ.
ბევრი იწვალა,ძალიან ბევრი! უამრავი გეგმა ჰქონდა და ყველა განახორციელა. ჩემ თვალწინ დაიპყრო მწვერვალები, გახდა ყველაზე მაგარი კაცი (მე მართლა ასე მგონია) და მაიძულა, ვყოფილიყავი ისეთი ქალი,რომელიც მისნაირი კაცის გვერდით დგომას იმსახურებდა. მომცა ძალა, ვყოფილიყავი მაგარი საკუთარ პროფესიაში, შემდგარი ქალის როლში რომ შევედი საბოლოოდ, ეს სახლიც წამოვიწყეთ და მას მერე გაუთავებლად ვშრომობთ, რომ ბავშვებს, რომლებიც, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით, შიმშილისთვის გაიმეტა რაღაც ღვთიურმა ძალამ, ჰქონდეთ სრულფასოვან ადამიანებად ცხოვრების პრეტენზია.
მე არ მიცხოვრია წმინდანის ცხოვრებით, მაგრამ ზუსტად ისე გავიარე მანძილი ჩემი დაბადებიდან – უკიდურეს სიბერემდე, რომ არასდროს ჩამიქრობია სხივი თვალებში.
სულ ეს იყო, ჩემო გოგო, დახურე ეგ შენი კომპიუტერი და დამეხმარე,რომ მთვარ ოთახში გავიდე, გაინძერი!” – თითით მანიშნა, ავმდგარიყავი. მსხვილად ნაქსოვი პლედი შემოიხურა მხრებზე, კარიდან შემოსულ ხმაურს პირველად ახლა მიაქცია ყურადღება, სათვალე მოირგო და ინტერესით გაიხედა მთავარ ოთახში.
მისი ქმარი მოვიდა, უნდა გავიყვანო.
ეს ის ქალია, რომელმაც ჩემი და კიდევ მრავალი ბავშვის მშობლობა იკისრა თავის თანამეცხედრესთან ერთად. ააშენა დიდი სახლი, სადაც დღემდე იზრდებიან ისინი, ვისაც, როგორც თვითონ ამბობს, ბუნებამ ბედნიერების უფლება ვერ წაართვა.

Advertisements

2 Comments Add yours

  1. annakhuntsi says:

    ასეთ ისტორიას რომ კითხულობ, გრძნობ, არ გიცხოვრია, ნამდვილი ადამიანი არ ყოფილხარ, სიკეთე არ გაგიკეთებია 😦 ❤ ძალიან ძლიერ ემოციებს ტოვებს ❤

    Like

  2. annakhuntsi says:

    ამის წაკითხვის მერე გეფიქრება, მართლა ხარ თუ არა ადამიანი ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s