იმიტომ, რომ განათლებისკენ სწრაფვა გვაკლია.

სად უნდა იწყებოდეს ადამიანის ფორმირების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ყალიბდებოდეს მისი ბუნების ფუნდამენტური მახასიათებლები და იღებდეს ის საბაზისო ცოდნას? – სკოლაში.

მთელი ბავშვობა მჯეროდა,
რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებდი, გავხდებოდი სრულწლოვანი და აღარ გავტკეპნიდი კლინიკისმაგვარ კედლებს, აღარ გავიგონებდი მასწავლებლების გულისგამწვრილებელ ხმას და აღარავინ დამიკეტავდა ,,ცოდნის ტაძრის” კარს მყარი საკეტით, ეს ყველაფერი მომენატრებოდა.

გავიდა დრო, არავინ მაძალებს საკლასო ოთახში ჯდომას და არავინ მთხოვს, რომ ვისწავლო, მაგრამ საკუთარ თავს მე თვითონ ვაიძულებ : გააკეთოს მაქსიმუმი, იკითხოს, იფიქროს და ჩემივე სურვილით შევდივარ ფორმანაცვალ ,,ცოდნის ტაძარში” – უნივერსიტეტში.

მე-9 კლასამდე სასულიერო სკოლის მოსწავლე ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნოა იმ პერიოდის გახსენება. მეც, როგორც (მგონი) ყველა ჩემმა თანატოლმა, არ ვიცოდი, რა მინდოდა იქ. ჩვეულებრივი კერძო სკოლა, რომელიც პატარა ქალაქში ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა, უცებ გადაეცა საპატრიარქოს, ჩვეულებრივად ჩაცმული კონსერვატორი დირექტორი კი შეცვალა შავანაფორიანმა ქალმა, რომელიც მხოლოდ ერთხელ შემხვდა. მარტო მე არა – მთელ კლასს. ამ კეთილშობილური ჟესტით მიგვანიშნა, რომ ყველასთვის ხელმისწავდომი იყო –  ალბათ, ასე ეგონა.  შემოვიდა კლასში და გვთხოვა, მისთვის კითხვები დაგვესვა. რა თქმა უნდა, ამისთვის მოუმზადებლები ვიყავით, არ გვიფიქრია, რა უნდა გვეკითხა უცხო ადამიანისთვის, ამიტომ თვითონ დაიწყო საუბარი თავის მოწამეობრივ ხვედრზე და მოგვიწოდა, რწმენა გაგვეღრმავებინა, რათა ვზიარებოდით ჭეშმარიტ რელიგიას. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ილაპარაკა მთელი ერთი საათი (შეიძლება ცოტა მეტიც), თუმცა, მახსოვს, რომ ვკითხე, რატომ უნდა გვეტარებინა სკოლის ფორმა, რომელიც ადრინდელზე უფრო რთულად შესაგუებელი მეჩვენა (მე ის არასდროს ჩამიცვამს, იმ წელს სკოლა დავტოვე) და პასუხმაც არ დააყოვნა. დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ შავი ანაფორის ტარება პაპანაქება სიცხეში მხოლოდ მისი რწმენის დამსახურება იყო. მე შევძელი, თქვენც შეძლებთო – ასე გამოუვიდა. მართალია ჩვენი ყოველდღიური სამოსი მთლად ისეთი მძიმე სატარებელი არ იყო, როგორც მისი, თუმცა არც მე ვიყავი ,,დედა ნატა”, არ მქონდა ვალდებულება, კაბა ყოველწლიურად უფრო დამეგრძელებინა და მევლო ისე, როგორც, ალბათ, მე-20 საუკუნის დასაწყისში მომეწონებოდა ჩემი თავი.  ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მაიძულებდნენ, არ გავზრდილიყავი. წლების მატება მოიტანდა ზედმეტ სანტიმეტრებს შავ ქსოვილზე.
ჩემი გულგრილობა ნამდვილად არ ყოფილა ცალმხრივი. ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლები ჩემზე გიჟდებოდნენ. ბევრს ვაშავებდი და იმიტომ. მაშინაც ვაღიარებდი ამას და ახლაც, თუმცა კარგი მოსწავლე ვიყავი, თანაც არც თუ ისე ცუდი ოჯახის შვილი და ნიშნებიც შესაბამისი მყავდა. სულ ფრიადი. არავინ გამიგოს ისე, თითქოს ის ადგილი და სკოლაში მომუშავე პერსონალი მეზიზღებოდეს, ახლა უკვე იმდენად არ მადარდებს ჩაკეტილი კარი და ჩემს თავზე მოხვეული არაერთი კლიშირებული მცნება, რომ მოტივი არ მაქვს, არ მიყვარდეს ადამიანები, რომლებთანაც წლები გავატარე.
გაკვეთილების მიმდინარეობა არ მახსოვს, ვერც რაიმე ფასეულს ვიხსენებ იქიდან გამოყოლილს. ერთი რამ დამამახსოვრდა ძალიან,ძალიან,ძალიან მკვეთრად. ცოტა სასაცილო რუსულის გაკვეთილი. განსაკუთრებით სახალისოდ მისი დასაწყისი მეჩვენებოდა : ყველანი ვდგებოდით და შავებში ჩაცმულ მასწავლებელს ვესალმებოდით (გამოთქმით) : Здравствуйте, Руизан Павловна!!! – ალბათ, ყველა მიხვდება, როგორ გვეცინებოდა ამაზე 21-ე საუკუნის ბავშვებს. თუმცა, იყო ამაში რაღაც ძველებური და ეს მახალისებდა.
ასეთი საგანიც გვქონდა – რელიგია – რომელსაც ჯერ ერთ-ერთი სასულიერო პირის მეუღლე (ძალიან მკაცრად) გვასწავლიდა, მაგრამ ბოლო წელს მამა ***** (არ მახსოვს სახელი,მაპატიეთ) შემოვიდა და გაკვეთილმა ცოტათი უფრო საინტერესო სახე მიიღო. ვსაუბრობდით რელიგიაზე, შეგვეძლო დაგვესვა ნებისმიერი კითხვა და არ მახსოვს, როდესმე ამის გამო მასწავლებელი გაგვბრაზებოდეს.
სხვათაშორის, ლოცვას თითოეული გაკვეთილის დაწყება-დასრულების აღსანიშნავად, თითქმის ყოველთვის, მე ვკითულობდი. 🙂

დავტოვე პატარა ქალაქი, სადაც წლები ვიცხოვრე და გადმოვედი დედაქალაქში. ჰო, მე ის ვარ, ვისზეც შეგიძლიათ თავისუფლად თქვათ – ,,ეს ჩამოთრეული”. თუ გგონიათ, აქ რამე უკეთესი დამხვდა, ძალიან ცდებით. 4 წელი გავატარე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჯარო სკოლაში და შემიძლია თავისუფლად, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არაფერი, გარდა სასიამოვნო, სასაცილო მოგონებებისა მასწავლებლებზე და ჩემს თანაკლასელებზე, არ გამომყოლია.
გაგიკვირდებათ და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.
ამის პარალელურად :
რომ არ მყვარებოდა კითხვა, არ მეცოდინებოდა, როდის დაეცა თავზე ციური მანანასავით ჩემს ქვეყანას დამოუკიდებლობა.
რომ არ მივდგომოდი ფიზიკას ზუსტად ისე, როგორც რაღაც ამბავს და არ მესწავლა გაკვეთილები ზეპირად – გამოცდამდე, ვერ დავწერდი ნიუტონის ვერც ერთ კანონს.
რომ არ მეზეპირებინა ქიმიური ელემენტების შეერთება ან ვალენტობის განმარტება, ატესტატს ვერ ავიღებდი.
და ასე შემიძლია, კიდევ გრძელი სია ჩამოვწერო, თუმცა, ალბათ, მოსაბეზრებელია. ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ სკოლაში ჩემთვის, როგორც ,,ჭეშმარიტი ჰუმანიტარისათვის” (ასე მეძახდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), არანაირი პირობა არ იყო შექმნილი. გინდა მედალი? – დაიზეპირე ფორმულების მიზერული რაოდენობა  და გაუღიმე მასწავლებლებს, რადგან შეიძლება, სემესტრის ბოლოს მათ სულაც აღარ მოჰგვაროს ღიმილი შენი სახელის ხსენებამ!  – ეს იყო ერთგვარი წესი. არავის აინტერესებდა, რომ მიყვარდა წერა, კითხვა, ფილმების ყურება და ა.შ. არავინ მთხოვდა, ჩავწვდომოდი ,,ვეფხისტყაოსნის” ფასეულობებსა და ვაჟა ფშაველას ლიბერალურ მესიჯებს – საზეპიროებიც კმაროდა. არავინ მირჩევდა, რა წამეკითხა.
საბედნიეროდ, ქართული ენისა და ლიტერატურის ორივე მასწავლებელში გამიმართლა. ერთ-ერთი მისაღები გამოცდის წინა დღეს დაიღუპა და სიმართლე გითხრათ, იმაზე მეტად დამწყვიტა გული, ვიდრე მეგონა. ჩვენ ვსაუბრობდით ნაწარმოებებისა და მათი ავტორების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ცხოვრებაზე, გაგიკვირდებათ და მასთან ჩემს პირველ სიყვარულზეც კი მილაპარაკია. მაგრამ ეს ყველაფერი სკოლის გარეთ – მე მასთან კერძოდ ვემზადებოდი. მიყვარდა, ძალიან!

ვერ ვიტანდი, როგორ მექცეოდნენ სკოლის კედლებს შიგნით. როგორ მგუდავდნენ ფიზიკისა და ქიმიის უაზრო ფორმულებით და როგორ არავინ ინტერესდებოდა, რა მინდოდა მესწავლა. შედეგი კი ის იყო, რომ იმის გაკეთებასაც  ვერ ვასწრებდი, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. არ ტარდებოდა არანაირი წამახალისებელი ღონისძიება ჩემთვის ან იმ ბავშვებისათვის, ვისაც ,,მათემატიკური გონება” ჰქონდათ. ყველა გადიოდა ერთსა და იმავე მასალას და ყოველი ჩვენგანი ცდილობდა, მე-12 კლასამდე ისე მისულიყო, რომ ჩაკეტილ კარს შიგნით გამართული ,,ბრძოლა მედლისთვის” მოეგო.

საბოლოოდ, ზუსტად იმ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, სადაც მინდოდა. ფაკულტეტიც ჩემი ოცნების ახდენა იყო – ჟურნალისტიკა.

თუმცა, ამ ყველაფერს ვყვები იმიტომ, რომ საკუთარივე პრეტენზია დავასაბუთო. მე არ მიმიღია ცოდნა სკოლაში. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველას უნდა უმაღლესი განათლება, რადგან ,,უდიპლომო სასიძო” (ან თუნდაც სარძლო) არავის ეხატება გულზე. ყველა, ვისაც სასწავლებლის ფულის გადახდა შეუძლია, ეუფლება პროფესიას, რომელიც ხშირად არც კი აინტერესებს და საბოლოოდ ვრჩებით განვითარების იმ საფეხურზე, რომლიდანაც ჩვენი გამოყვანისთვის თერგდალეულები იბრძოდნენ.
გამორიცხულია, ევროპისაკენ წავიდეს ქვეყანა, სადაც სკოლა მხოლოდ სადამსჯელო ლოკაციაა – ,,ცოდნის ტაძარი” რომელიც არაფერს გასწავლის, გარდა მლიქვნელობისა.
გყავს კარგი მშობლები ? – იქნები საუკეთესო მოსწავლე მარტივად!
ხარ შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენელი? – იწვალე და შეიძლება, 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ განათლების მინისტრმა მედალზე მოგიწეროს ხელი. მედალზე, რომელიც აბსოლუტურად არანაირი პრივილეგია არაა, რომელიც მალე შენ თვითონვე გავიწყდება და რომლის მოსაცემადაც სამინისტრო დიდ ხანს ფეხს ითრევს (ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა, ხან სისტემური გაუმართავობა მოიმიზეზეს, ხან მასწავლებლის იოტისოდენა შეცდომა).
მოემზადე ყველა საჭირო საგანში, იხადე ასეულობით ლარი და მოხვდები იქ, სადაც გინდა (შენ თუ არა – შენ მშობლებს უნდათ!) და ნუ გექნება პრეტენზია სკოლასთან, რომლის დირექტორიც მხოლოდ განათლების მინისტრთან ფრიადოსნებით თავის მოწონებაზე და ამით ზედმეტი რამდენიმე ასეული ლარის მიღებაზე ფიქრობს. შენ არავის ადარდებ, არც შენი განათლება ხელეწიფება ვინმეს. ვის რად უნდა განათლებული ახალგაზრდა? – არადა, კიდევ გავიმეორებ, რომ საბაზისო ცოდნა და ფუნდამენტური ღირებულებები სწორედ იმ დაწესებულებამ უნდა მოგცეს, რომელიც ყველაფერ ადამიანურს გართმევს, გკეტავს თავის თავში რამდენიმე, განსაზღვრული რაოდენობის, გაკვეთილის განმავლობაში და გაკარგვინებს ყველაზე ძვირფას დროს – არაფერში.
არ ვიცი, იქნებ, ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში არსებობს სკოლები, სადაც მოსწავლეებს ადამიანებად აღიქვამენ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, იქ სწავლა იმდენად ძვირია, რომ ჩვეულებრივ ოჯახებს, როგორც მინიმუმ, არჩევა უწევთ – ასწავლონ შვილს სკოლაში თუ უნივერსიტეტში.
რა თქმა უნდა, არსად, ისევე როგორც ზემოთ ხსენებულ დილემაში, არ ჩანს პროფესიული სწავლების ცენტრები.

ნუ გადამცემთ ანათემას, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ყველაზე მეტად განათლებისაკენ სწრაფვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილება გვაკლია.
იმიტომ, რომ განათლების სისტემა ჩემი მეზობლის აბაზანის ნიჟარაზე უფრო მოშლილია.
იმიტომ, რომ არავინ ღელავს, რა უნდათ ახალგაზრდებს. არც მშობლები ფიქრობენ იმაზე, რომ შეიძლება მათ შვილს უნდოდეს პროფესია, რომელსაც არ სჭირდება უმაღლეს სასწავლებელში ათასობით ლარის/დოლარის/ევროს გადახდა.
იმიტომ, რომ ვერ გამოვედით ეპოქიდან, სადაც ყველა ქალი ექიმი, კაცი კი – ინჟინერი უნდა იყოს. ეს პირობითად. მინდოდა მეგულისხმა, რომ ყველას უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი უნდა ჰქონდეს.
იმიტომ, რომ არავინ ფიქრობს, რა უნდა ბავშვს. წეროს, იკითხოს, ნახოს საინტერესო ფილმები თუ ამოხსნას ამოცანები, რომელთა წაკითხვაც კი აბნევს.
იმიტომ,რომ აუცილებელია, სკოლებმა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ადამიანები აღზარდონ.
არ მჯერა :
რომ ქართველ მშობლებს არ უნდათ, მათმა შვილებმა შაბათ-კვირას მუზეუმებში იარონ და 12 წლის განმავლობაში, სულ მცირე, იმაზე მაინც შეიქმნან წარმოდგენა, რა განსხვავებაა საბუნებისმეტყველო საგნებსა და ლიტერატურას შორის.
რომ აღარავის ადარდებს,  როგორ გაიგებს ახალგაზრდა  ,,ალუდა ქეთელაურს” – როგორც ფრიადის მოსაპოვებლად დასაზეპირებელ სიტყვათა გროვას თუ ლიბერალურ იდეებზე შექმნილ ნაწარმოებს, რომელსაც გენიალური ავტორი ჰყავს.

მჯერა, რომ სკოლა თავის თავში უნდა გულისხმობდეს დაწესებულებას, სადაც ადამიანებს :

ეხმარებიან სწორი გზის დანახვაში;
ასწავლიან, როგორ უნდა იბრძოლონ ჯანსაღ, კონკურენტუნარიან გარემოში პირველობისათვის;
აყვარებენ (და არა – აძალებენ) ლიტერატურას;
აძლევენ თავისუფალ არჩევანსა და შესაძლებლობების განვითარების შანსს კონკრეტულ, მათთვის მოსახერხებელ სფეროებში.
და ექცევიან ისე, როგორც მომავალ თაობას, რომლის ხელშიც რამდენიმე წლის შემდეგ სახელმწიფოს მართვის სადავეები უნდა გადავიდეს.

აქვე ეს ამბავიც წამომეწია :

საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად აშშ 140 მილიონ დოლარს გამოყოფს.

 

 

Advertisements

4 Comments Add yours

  1. annakhuntsi says:

    ავტორმა ზუსტად, მართლაც 100 %-ით გადმოსცა თანამედროვე მოსწავლეების სათქმელი, განსაკუთრებით – მათი, რომლებსაც ნამდვილი განათლების მიღება უნდათ და არა მაღალი ნიშნების მისაღებად ფაქტების დაზეპირება. რატომ არ უნდა არსებობდეს სკოლებში ნორმალური ლატორატორიები, რომ ჰუმანიტარული განხრის ადამიანებისთვისაც საინტერესო გახდეს გაკვეთილი და ტექნიკური აზროვნების ბავშვებმა უკეთ აღიქვან ნასწავლი?! რატომ არ უნდა გაუღრმავონ ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლებმა მოსწავლეებს ანალიზის უნარი?! რატომ უნდა აინტერესებდეს მშობელს მხოლოდ ნიშანი და არა შვილის განათლების დონე?! დიდი მადლობა ავტორს ასეთი ღრმა და საინტერესო სტატიისთვის ❤

    Like

  2. რაც დაწერე სამწუხარო რეალობაა რომელიც მარტო შენ არ გაწუხებს.. მომწონს შენი მებრძოლი ხასიათი.. მჯერა რომ ჩვენ ვართ ის თაობა რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ!

    Liked by 1 person

  3. მეც ასვე ვფიქრობ და ბოლო ზარზე ჩემი დამოკიდებულება რო გამოვხატო რამოდენიმე სიტყვით აღნიშნულ მდგომარეობაზე,როგორ ფიქრობთ,”ჩამქოლავენ”?

    Like

    1. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, ჩაქოლვის თუ გეშინია – გაჩუმდე და თუ მაგ შიშს დაძლევ აღარასდროს იყო ჩუმად.
      პატივისცემით, ნატა .

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s