ჟურნალისტიკა იქ, სადაც სხვა არაფერია.

 

რა იქნებოდა, ჟურნალისტიკა რომ არ ამერჩია?

წარმოდგენა არ მაქვს, სად ვიქნებოდი. ალბათ, ვიჯდებოდი რომელიმე უნივერსიტეტში ჩამორეცხილი თვალებით და მოვუსმენდი ლექტორებს, რომლებიც არაფერს მეტყოდნენ ახალს. მერე ვიზრუნებდი 51 ქულის მოგროვებაზე სემესტრის ბოლოს და არ ვიფიქრებდი, რომ გავიზარდე და მინდა, მუშაობა დავიწყო.

მიზანი, ვფიქრობ, ნახევრად გაკეთებული საქმეა,  როცა ზუსტად იცი, რა გირჩევნია, სად გინდა იდგე რამდენიმე წლის შემდეგ, მიკროფონით ხელში აშუქებდე საინტერესო მოვლენებს თუ რბილ სავარძელში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და მაღალფასიანი ტანსაცმლით სტუმრებს იღებდე, სახეზე ყალბი ღიმილით. ისეთით, ყველამ რომ იცის მისი არაფრისმთქმელობა და მაინც ყველა რომ ითხოვს.

მე ვიხდი ყველაფერს, რის დახევაზეც გული დამწყდება, ვაგდებ ქუსლიან ფეხსაცმელს (რომელიც არასდროს მქონია), ვიცვამ კედებს, კომფორტულ შარვალს, თბილ ზედას და ყინვაში გარეთ გავდივარ. – მესიზმრება ხოლმე, როგორ შევრბივარ ნიუსრუმში და როგორ მეკვრის სუნთქვა ახალი ამბის თქმის მოლოდინში. ვგრძნობ ხოლმე, როგორც მეცლება მიწა ფეხქვეშ ბედნიერებისგან და როგორ ვამბობ, რომ შევძელი, საუკეთესო ვყოფილიყავი.

დიახ, მაქვს პრეტენზია, ვიყო საუკეთესო. არა იმიტომ, რომ მერე ათობით სადღეგრძელო მოვისმინო ჩემი ნათესავების  დასაპურებლად გამართულ სუფრებზე, სადაც რამდენიმე ადამიანი მაინც იფიქრებს, ,,ეჰ, ჟურნალისტკაა მაინც,რა”, არამედ იმიტომ, რომ ერთ დღეს, როცა სარკეში ჩავიხედავ, საკუთარ თავს ვუთხრა : ,,ყოჩაღ, გამოგივიდა!”

რას არ ამბობენ ჟურნალისტებზე?! – ყველაფრის გამკეთებლები რომ არიან, ეს ფრაზა უკვე გაიცვითა. წყალში რომ გადააგდებენ ნებისმიერ ადამიანს სკანდალური მასალისთვის, ესეც არ უნდა იყოს ახალი ვინმესთვის. მაგრამ იშვიათად თუ გამიგია, რომ ჟურნალისტები ადამიანებს კეთილდღეობის შექმნაში ეხმარებიან. სტაბილურად ცხოვრების საშუალებას აძლევენ და თვალის ახვევის ნაცვლად  სიბნელეს უნათებენ. არადა, მე ვიცი რომ ასეა. კი, ჟურნალისტებს შეუძლიათ, წავიდნენ ყველაფერზე კარგი მასალის მოსაპოვებლად და აქაც, როგორც ომსა და სიყვარულში, თითქმის ყველა გზა გამართლებულია, მაგრამ ისინი ამას ვიღაცისთვის აკეთებენ. მჯერა, რომ ჟურნალისტების უმრავლესობას ჩემსავით უნდა, იყოს პირველი, მაგრამ არ მოატყუოს არავინ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გადაუსწრებს. ამის მართლა მჯერა და მანამ არ ვირწმუნებ საპირისპიროს, სანამ მე თვითონ ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას ასე მყარად. სანამ ჩემს ლექტორს ოთახის კარზე აქვს წარწერა : ,,Trust me.. I’m a reporter” და სანამ იგივე ლექტორი მასწავლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა საჩუქრის ფასს, ანაზღაურებას, არაფერს აქვს მნიშვნელობა სიმართლის გარდა. სანამ ვიცი,რომ თუ ერთი კარი პროფესიონალიზმის გამო დაიხურება, მეორე გაიღება, თანაც უფრო ფართოდ.

ვფიქრობ, ჟურნალისტებზე  გავრცელებული მითები, ისევ ჩემი იმ მომავალი კოლეგების ბრალია, რომლებიც ყველაფრის იოლი გზით მიღებას ცდილობდნენ, ცდილობენ და შეეცდებიან მომავალშიც. ზარმაცმა ჟურნალისტებმა გამოიგონეს, რომ შეუძლიათ არაკეთილსინისიერად იშოვონ ფული და თვეების განმავლობაში მუშაობის, ღამის თენების ნაცვლად, მარტივად და უხარისხოდ შექმნან დიდი სისულელე, რომელსაც სხვას დააჯერებენ. ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ ახლა მე, როგორც მომავალ ჟურნალისტს , თავის მართლება მიწევს.

იმ ტელევიზიებმა გაუფუჭეს სახელი ჩემს პროფესიას, რომლებიც უხარისხო ტყუილებით უტენიან თავს მას, ვინც მათ ენდობა. დააკვირდით ქართულ ტელევიზიას და ნახავთ, რომ თითქმის ყველა არხი პროპაგანდისტული გამოსვლებით საზრდოობს, ზოგი მეტად, ზოგი – ნაკლებად. მესმის, რომ კარგია, როცა თბილად ზიხარ სტუდიაში და მიგყავს გადაცემა. მესმის, რომ გინდა გერქვას ჟურნალისტი და ასეთია შენი ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკა… ოღონდ
ნუ მეტყვი, რომ ოკუპანტის მხარეს არ ხარ!
ნუ მეტყვი, რომ შენი რეიტინგები უტყუარია და უნდა მჯეროდეს, რომ საქართველოში გამოკითხულთა 80% რუსეთს უჭერს მხარს.
ნუ მეტყვი, რომ ჟურნალისტი ხარ მაშინ, როცა ივიწყებ 2008 წელს.
ნუ მეტყვი, რომ გიყვარს საკუთარი პროფესია, რადგან გამორიცხულია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და თან ღალატობდე მას.
როცა უყვართ – არ ღალატობენ. ასეა ეს. ჟურნალისტიკის რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანებმა შელახეს, რომლებსაც ის არ უყვართ და მე არასდროს ჩავეწერები მათ რიგებში.

ვიღაც ყოველთვის იქნება ჩემით უკმაყოფილო, მაგრამ სანამ საკუთარი სინდისი მეტყვის, რომ სიმართლე საუკეთესო გამოსავალია, თავს იმ ჟურნალისტებზე მაღლა მდგომად ჩავთვლი, რომელთა უმრავლესობაც ახლა სიამოვნებით წამომარტყამდა თავში ხელს და მეტყოდა, ჯერ ისწავლე და მერე იტლიკინეო. ჰო, თქვენ, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, ხალხს ატყუებთ და ჩემს პროფესიას რეპუტაციას ულახავთ. გვაჯერებთ,რომ მთავარია საუბარი და მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვი. არ უფიქრდებით საკუთარ სიტყვებს და ამიტომაცაა, რომ ერი ავადაა ჩვენდამი სიძულვილით, მაგრამ იმისაც ძალიან მყარად მჯერა, რომ ,,ახლები” შეცვლიან ყველაფერს. მე შევცლი, ჩემი მეგობრები და ისინი, ვისაც არაფერი აქვს საერთო ოკუპანტის გამოსროლილ გროშებთან, ვინც არასდროს იქნება სარედაქციო პოლიტიკისა და არხის/გამომცემლობის დირექტორის ყრუ-მუნჯი მონა და ვისაც სწამს, რომ ყველაზე კარგი ამბები ხშირად სწორედ ზემდგომ პირებზე დაუმორჩილებლობით იქმნება.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩემი პროფესია, რომელიც მხოლოდ 1 წელია ავირჩიე, ერთადერთია, რასთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა.

Advertisements

4 Comments Add yours

  1. Keta says:

    მესიყვარულება, კი არ მესაყვარლება.

    Like

    1. მიყვარხარ მე.
      და მადლობა 🙂

      Liked by 1 person

      1. Keta says:

        მე შენ, იცი როგორც !

        Liked by 1 person

  2. elika says:

    ბლოგი,რომელიც ჩემს სათქმელს ამბობს. მადლობა !

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s